აშშ-ის არჩევნები 2020

ტრამპი: რომელიმე დემოკრატი კლოუნი თუ გაპრეზიდენტდება, ეკონომიკა ჩამოიშლება, როგორც 1929 წელს

The Hill

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერზე წერს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა კანდიდატმა რომ გაიმარჯვოს, ქვეყნის ეკონომიკას დიდი დეპრესიის დარი დარტყმა მიადგება.

"ჩვენი რეკორდული ეკონომიკა ჩამოიქცევა, ისევე როგორც 1929 წელს, თუ იმ კლოუნებიდან რომელიმე პრეზიდენტი გახდა" - დაწერა ტრამპმა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართული დებატების შემდეგ.

ტრამპმა კიდევ არაერთი პოსტი მიუძღვნა ტვიტერზე დებატებს, რომელშიც 12 პოლიტიკოსი მონაწილეობდა დემოკრატიული პარტიიდან.

2020 წლის არჩევნების წინ ეკონომიკა ტრამპის ერთ-ერთ მთავარ კოზირად რჩება - მთლიანი შიდა პროდუქტი მისი გაპრეზიდენტების შემდეგ 2.4%-ით (2017 წელი) და 2.9%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა 2016 წელს ზრდა 1.6% იყო.

გარდა ამისა, ტრამპის მმართველობისას უმუშევრობა გასული 50 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულამდე - 3.5%-მდე შემცირდა, როცა მისი გაპრეზიდენტებისას 4.7% იყო.

 

კომენტარები