ანაკლიის პორტი

ხაზარაძე ანაკლიაზე: ვადა ისედაც იყო გაგრძელებული 31 დეკემბრამდე, ახლა კი არ მომხდარა

0 კომენტარი
ფოტო: მამუკა ხაზარაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ტყუილია, თითქოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა.

ხაზარაძის თქმით, მთავრობას საზოგადოება განზრახ შეჰყავს შეცდომაში და განმარტავს, რომ 15 ოქტომბერი ინვესტორების წარდგენის ვადა იყო და არა ვალდებულებების შესრულების.

"15 ოქტომბერი იყო ვადა ინვესტორების წარდგენის.

პრაქტიკულად ინვესტორების გაყრა მოხდა, შესაბამისად, ეს ნარატივი, რომ სახელმწიფო კიდევ ერთხელ აგრძელებს ვადას, არის ზუსტად იმ სცენარის გარემოება, რომელსაც ისინი პერიოდულად მიმართავენ, რომ სიმძიმე, თითქოს ჩვენ ინვესტიცია ვერ მოვიტანეთ, და თითქოს სახელმწიფო აქედან გამომდინარე ვადას აგრძელებს.

ეს არ შეესაბამება სიმართლეს." - აცხადებს ხაზარაძე.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა 15 ოქტომბერს თქვა, რომ მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადას წლის ბოლომდე მისცემდა:

"ჩვენ მივცემთ კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე ამოწუროს მისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე, საერთაშორისო ბანკებიდან 400-მილიონიანი სესხი."

15 ოქტომბერს ამოიწურა სახელმწიფოს მხრიდან კონსორციუმისთვის დაწესებული ვადა. სამუშაო დღის ბოლომდე კონსორციუმს უნდა წარმოედგინა შეთანხმებები ინვესტორებთან პროექტის დაფინანსების შესახებ, ასევე, დოკუმენტი კაპიტალის სრულად შევსებაზე. 

თუმცა ანაკლიის კონსორციუმს მთავრობამ ფინანსური დახურვის ვადა ჯერ კიდევ ივნისში გადაუწია 31 დეკემბრამდე.

15 ოქტომბერს ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა თქვა, რომ გასული თვეების და კვირების მანძილზე "მთავრობამ პრაქტიკულად საბოტაჟირება მოახდინა ამ პროექტის". მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კონსორციუმს ახლაც ჰყავს ინვესტორები, ვინც კვლავ მზად არის პროექტში ფული ჩადოს

ცნობისთვის, კონსორციუმისთვის მიცემული ვადა რამდენიმეჯერ გახანგრძილვდა, მათ შორის ბოლოს ესეთი გადაწყვეტილება მთავრობამ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადების შემდეგ მიიღო. მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, პომპეომ გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს ბოლო მიიყვანდა პორტის მშენებლობას.

ამ დროისთვის ანაკლიის კონსორციუმმა წარადგინა ორი პოტენციური ინვესტორი, ყაზახური Meridian Capital Limited-ი და ჰოლანდიური Van Ord-ი. ახალი ინვესტორის მოძიების საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც კონსორციუმის შემადგენლობიდან ამერიკული კონტი ჯგუფი გავიდა. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონტი ჯგუფის ჩამნაცვლებლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჰოლანდიურ Van Ord-თან დაკავშირებით სამინისტრომ გადაწყვეტილება 21 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს, ხოლო Meridian-თან დაკავშირებით 28 ოქტომბრამდე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები