რუსთავი 2-ის საქმე

დვალი და აქიმიძე რუსთავი 2-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართავენ

0 კომენტარი

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ ინფორმაცია იურისტმა კახა კოჟორიძემ facebook-ზე გაავრცელა და ის ტაბულას დავით დვალმა დაუდასტურა. 

როგორც დვალი ტაბულასთან საუბარში ამბობს, ერთი მოპასუხე ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება, ხოლო მეორე პაატა კარსანიძე, რომელმაც 2004 წელს დვალისა და აქიმიძისგან 30-30%-იანი წილი "ფორმალურად იყიდა". დანარჩენ დეტალებზე რ2-ის დამფუძნებლები ხვალ ისაუბრებენ. 

იურისტმა კახა კოჟორიძემ დაწერა, რომ აღნიშნული საქმე შეისწავლა და "სამართლებრივი კუთხით დაუჯერებლად მარტივი გამოსავალი მონახა". მისი თქმით, დვალსა და აქიმიძეს შეხვდა და აუხსნა იურიდიულად რა იყო გასაკეთებელი.

"მათ მოეწონათ ეს გზა და დავიწყეთ მუშაობა... ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარჩელი გამოვიდა, რაც კი ოდესმე დამიწერია"- წერს იურისტი.  

............

18 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ რუსთავი ორის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, ახალი მფლობელის მოთხოვნით არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ქიბარ ხალვაშმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ მან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა. მისივე თქმით, მაქსიმალურად გაითვალისწინებს რუსთავი ორის დამფუძნებლების ინტერესებს. 30 ივლისის შეხვედრაზე ხალვაშმა რუსთავი ორის დამფუძნებლებს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაც დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს არ სურთ. მათ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში თქვეს, რომ სჭირდებათ რეალური ბერკეტი და ტელეკომპანიის დამოუკიდებლობის გარანტია.

ცნობისთვის, 2017 წელს ქიბარ ხალვაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს რუსთავი 2-ის 50%-იან წილს სთავაზობდა. კითხვაზე, რა შეიცვალა 2017 წლის შემდეგ, ის პასუხობს, რომ "მე შევიცვალე, ორი წლით უფროსი გავხდი". 

"რატომ გინდათ, თუ თვლით, რომ მე ჩემი მატერიალური ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას მივცე?" - კითხულობს ხალვაში. 

2017 წელს ქიბარ ხალვაში საჯაროდ ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით დავას მოიგებდა, ის წილების 50%-ს დვალსა და აქიმიძეს მისცემდა, დავით დვალს კი გენერალურ დირექტორად დანიშნავდა. 

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიანიჭა, მან გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გაათავისუფლა და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები