საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

სანქციების მიუხედავად როსავიაციამ მოსკოვი-ქუთაისის ფრენის ლიცენზია გასცა

0 კომენტარი
ფოტო: aviado.ru

რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, როსავიაციამ ავიაკომპანია S7-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოსკოვი-ქუთაისის რეისზე ლიცენზია გასცა. ინფორმაცია ამის შესახებ წინა დღეებში გავრცელდა. 

რამდენიმე რუსული სააგენტო იტყობინებოდა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღდგა, თუმცა საბოლოოდ ეს ხმები არ დადასტურდა. საუბარია, მხოლოდ ერთი ფრენის ლიცენზირებაზე. როსავიაციამ კომპანია S7-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენის ლიცენზია მიანიჭა, თუმცა, ამ უფლების გამოყენებას კომპანია მხოლოდ ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ შეძლებს.

ფრენების აღდგენის შემდეგ, რუსულ ავიაკომპანიას შეეძლება, ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში შვიდჯერ განახორციელოს. 

საკითხის კომენტირებისას უწყებში განაცხადეს, რომ მომხდარი საქართველოსთან ფრენების აღდგენას არ ნიშნავს და ამისთვის აუცილებელია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანების გაუქმება. საუბარია, 22 ივნისს ხელმოწერილ ბრძანებაზე, რომლითაც რუსეთმა საქართველოს ავიამიმოსვლა შეაჩერა. 

გადაწყვეტილება 20 ივნისის აქციას და საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოყვა. აკრძალვა ძალაში 8 ივლისს შევიდა. ავიასანქციების შემოღების შემდეგ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 ივლის-სექტემბერში  საქართველოს 67 ათასით ნაკლები რუსი ტურისტი ეწვია. 

სექტემბერში ფრენების შესაძლო აღდგენაზე ისაუბრა სერგეი ლავროვმაც. განცხადებიდან მალევე, 2008 წლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა მოყვა. 

ფრენების საკითხს რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინიც. მისი თქმით, ფრენების აღდგენამდე, საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები