აშშ - თურქეთი

ტრამპი: თურქეთიდან დიდებული სიახლეა, ერდოღან, მადლობა! მილიონობით სიცოცხლე გადარჩება

დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის დელეგაციის თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას Twitter-ზე გამოეხმაურა:

"თურქეთიდან დიდებული სიახლე გვაქვს. მალე, პრესკონფერენცია ვიცე პრეზიდენტ პენსთან და სახელმწიფო მდივან პომპეოსთან ერთად. ერდოღან, მადლობა! მილიონობით სიცოცხლე გადარჩება".

ქურთთა "თავდაცვის სახალხო რაზმებს" შესაძლებლობა მიეცემათ, 5 დღის განმავლობაში განმავლობაში ე.წ. უსაფრთხო ზონაში გადაინაცვლონ.

მოლაპარაკება ანკარაში გაიმართა. გუშინ ერდოღანმა თქვა, რომ ის აშშ-ის დელეგაციას არ შეხვდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ტრამპი თურქეთს "გამანადგურებელი" სანქციებით დაემუქრა ერდოღანის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებას გამართავდა.

თურქეთმა ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა.

ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

ტრამპმა თურქეთის სამხედრო ოპერაციის პასუხად ანკარას ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა და სანქციები დაუწესა. სანქციების ქვეშ მოყვა თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე გენშტაბის უფროსი ჰულუსი აკარი და თურქეთის მმართველი პარტიის მეორე პირი, სულეიმან სოილუ.

კომენტარები