ილია ჯიშკარიანის საქმე

კუბლაშვილი: თოდაძის დებატებში მოწვევით მისივე მეთოდი ავირჩიე - საჯაროობა და ღიაობა

მარიამ კუბლაშვილი
მთავარი არხი

მარიამ კუბლაშვილის თქმით, თამთა თოდაძისთვის სატელევიზიო დებატების შეთავაზებით მან ის მეთოდი აირჩია, რითიც თოდაძე თავად იბრძვის - საჯაროობა და ღიაობა. 

კუბლაშვილი სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ადვოკატია. ჯიშკარიანს ძალადობაში მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე ადანაშაულებს. 

ადვოკატმა მსხვერპლს საჯარო დებატები 14 ოქტომბერს შესთავაზა. 

კუბლაშვილმა ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. 

"ქალბატონი, დაზარალებული მხარე, თამთა თოდაძე, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე პროცესში გამოვჩნდებოდი მე და ჩვენი მხარე გააკეთებდა პირველ კომენტარს, ეთერ-ეთერ დადიოდა და ერთი და იმავე ჩანაწერის ფონზე იყო პირდაპირი განცხადებები. როგორ დაზარალდა, როგორ სცემეს, რა ძალადობა მოხდა. რა მძიმე მდგომარეობაშია ა.შ

მე ვუპასუხე იმავე მეთოდით, რა მეთოდითაც მათ დაიწყეს მოქმედება - ღიაობა, საჯაროობა და ყველაფრის საზოგადოებისთის მიწოდება", - თქვა კუბლაშვილმა. 

მისივე თქმით, ილია ჯიშკარიანის რეპუტაცია თამთა თოდაძემ განზრახ შელახა. 

"სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის კონკრეტული რეპუტაციის მქონე პირი, იგი გახლავთ დეპუტატი. მას გააჩნია ამომრჩევლის მიმართ პასუხისმგებლობა და მისი რეპუტაცია, რომელიც განზრახ იქნა შელახული - უკვე შეირაცხა ის მოძალადედ. საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ის ნამდვილად მოძალადეა, ვიდრე რამე მტკიცებულება იქნება გამოკვლეული და ვიდრე მივიდოდეთ სასამართლომდე. 

პირველ რიგში, ჩემი კლიენტის მოთხოვნა იყო, რომ პროცესი იყოს საჯარო და ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, ავხსნათ, არის თუ არა ის მართალი. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ. დაზარალებულმა იგივე გააკეთა. მე მინდოდა, მას გაემეორებინა, რამდენად დამაჯერებელია. მე დავადასტურებ, რომ მისი ჩვენებები არ არის დამაჯერებელი და ამავდროულად, მე მოვდივარ და მეც გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს. ცალმხრივი არ უნდა იყოს", - თქვა მარიამ კუბლაშვილმა. 

________________________________________________________________________________

საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. 11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი. 

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. 

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს. 

ამასთან, უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომლითაც ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდება. უფლებადამცველები პროკურატურისგან შესაბამის ახსნა-განმარტებას მოითხოვენ. 

კომენტარები