ილია ჯიშკარიანის საქმე

ადვოკატი: ჯიშკარიანს 4-ჯერ ჰქონდა ინფარქტი, 1 ჭიქა კონიაკი ყოველდღე აუცილებლად უნდა დაელია

მთავარი არხი

ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს 4-ჯერ აქვს გადატანილი ინფარქტი და ამიტომ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეში 1 ჭიქა კონიაკი აუცილებელია. 

"ნაბახუსევი ნამდვილად იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ერთ ჭიქა კონიაკი აუცილებლად უნდა მიეღო ყოველდღე. ოთხჯერ აქვს გადატანილი ინფარქტი. აუცილებელი.

ილია ყოველდღიურად თითო ჭიქა კონიაკს სვამდა, ჩვევა ჰქონდა ასეთი. ალკოჰოლიზმი არ აქვს. მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შეჩვეული იყო. 1 ჭიქა კონიაკს იღებდა ყოველდღე", - თქვა მარიამ კუბლაშვილმა "მთავარი არხის ეთერში". 

მარიამ კუბლაშვილმა თამთა თოდაძის საქმეზე საუბრისას არაერთხელ თქვა, რომ მსხვერპლი ალკოჰოლს იღებს და რომ "აქვს მტკიცებულებები, როგორ იქცევა თამთა თოდაძე ნასვამი". მან "მთავარი არხის" დღევანდელ ეთერშიც გაიმეორა, რომ თოდაძემ ჯიშკარიანთან ინციდენტის პროვოცირებაც მოახდინა, ვინაიდან "უკიდურესად იყო ნასვამი". 

საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. 11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი. 

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. 

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს. 

ამასთან, უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომლითაც ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდება. უფლებადამცველები პროკურატურისგან შესაბამის ახსნა-განმარტებას მოითხოვენ. 

კომენტარები