საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში — TI-ის ახალი კვლევა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ სახელმწიფო თანამდებობობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლის საფუძველზე, ისეთი შემთხვევები გამოავლინა, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულები არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში. 

კვლევის მიხედვით, ამ შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, თუმცა მსგავსი ფაქტები ცენტრალურ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაშიც გვხვდება.

TI-ის ცნობით, მათ ისეთ ფაქტებზე გაამახვილეს ყურადღება, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 350-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა გვხვდება. 

"მოცემულ კვლევაში კი წარმოდგენილია 40-ზე მეტი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც შესაძლოა, ნეპოტიზმისა და ინტერესთან კონფლიქტის ნიშნებს შეიცავდეს," - წერს TI. 

ორგანიზაციის ცნობით, თანამდებობის პირების დეკლარაციების შესწავლის პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა: 

  • "ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირია თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება მისი ოჯახის წევრის რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ხშირია ადგილობრივი თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალურ სსიპ-ებსა და აიიპ-ებში.
  • არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა.
  • სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში იმავე რაიონულ სასამართლოში.
  • სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ საჯარო სამსახურში ოჯახის წევრების დასაქმების ტენდენცია საქართველოს პარლამენტშიც იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია."

TI-ის ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის დიდ ნაწილს საჯარო სამსახურში დასაქმების პროცესის მიმართ ნდობა არ აქვს. 

"საერთაშორიო გამჭვირვალობა - საქართველო დიდი ხანია, საუბრობს საჯარო სამსახურში არსებული გამოწვევების შესახებ ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის და პატრონაჟის მიმართულებით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მდგომარეობა სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში, რადგან სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებზე არ ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" და "საჯარო დაწესებულებაში ინტერესეთა შეუთავსებლობის კორუფციის შესახებ" კანონების პრინციპები, მათ შორის არც მათი ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების კონკურსის წესით შერჩევის ვალდებულება,"- წერს ორგანიზაცია. 

TI წერს, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისგან განცალკევებით მდგომი ორგანიზაციების (სსიპ და ა(ა)იპ-ების) დაფუძნებისთვის ნათელ და მკაფიო კრიტერიუმებს არ ადგენს. 

"ნიშანდობლივია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამდებობის პირების ოჯახის წევრების დიდი ნაწილი, სწორედ სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებში მუშაობენ". 

ორგანიზაციის ცნობით, ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას. 

"თუმცა, საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე,"- წერს ორგანიზაცია. 

TI-ის განცხადებით, კვლევა ემყარება მხოლოდ თანამდებობის პირების 2015-18 წლების ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ მონაცემებს და "ამდენად, პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს", რადგან კანონის მიხედვით, "ოჯახის წევრში" იგულისხმება მხოლოდ პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, ასევე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. 

კომენტარები