საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს დირექტორი 18 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ანგარიშს წარადგენს

დღეს საპენსიო სააგენტოს დირექტორი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგება. საპენსიო სააგენტოს ცნობით, ლევან სურგულაძე პარლამენტარებს საპენსიო სააგენტოს მიერ ჩატარებულ სამუშაოებსა და სტატისტიკურ მონაცემებს გააცნობს.

"საპენსიო სააგენტოს დირექტორი 1-ელი იანვრიდან ამოქმედებულ საპენსიო რეფორმის კონკრეტულ შედეგებზე გაამახვილებს ყურადღებას და სააგენტოს მოკლე და გრძელვადიან მიზნებს ჩამოაყალიბებს. დეპუტატები მიიღებენ ინფორმაციას, რამდენი დასაქმებული არის ჩართული დაგროვებით საპენსიო სქემაში და რამდენმა ადამიანმა დატოვა სისტემა და შეწყვიტა დაგროვება. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საპენსიო სააგენტოს დირექტორი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს,“ - აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00-ზეა ჩანიშნული.

2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულები ფონდში რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას დაემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2% დასაქმებულის მთლიანი შემოსავლის. 40 წლამდე სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის თქმით, ამ დროისათვის, სააგენტოში აკუმულირებულია დაახლოებით 275 მილიონი ლარი. თანხას, რომელიც საბანკო ანგარიშებზეა განთავსებული, სარგებლის სახით სამ მილიონ ლარზე მეტი დაირიცხა. დღეისათვის სქემაში დარეგისტრირდა 845 000-ზე მეტი მოქალაქე, აქედან კი, დაახლოებით 14% გავიდა. როგორც სურგულაძე ამბობს, გასვლის უფლება 315 ათას ადამიანს ჰქონდა. გასულებში პარლამენტის 16 წევრია, მათ შორის ერთი - უმრავლესობის დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი.

კომენტარები