მექსიკა

მექსიკის პოლიციამ "ელ ჩაპოს" შვილი დაიჭირა, შეიარაღებულმა პირებმა ის გაათავისუფლეს

0 კომენტარი

მექსიკაში, ქალაქ კულიაკანში პატრულირების დროს პოლიციამ სინალოას ნარკოკარტელის ლიდერის, ხუაკინ "ელ ჩაპო" გუზმანის შვილი, ოვიდიო გუზმან ლოპეზი დაიჭირა.

ამის შემდეგ კარტელის წევრი შეიარაღებული პირები პოლიციას თავს დაესხნენ და გუზმანის გათავისუფლება აიძულეს.

მას შემდეგ, რა ელ ჩაპო დააპატიმრეს, ოვიდიო კარტელის მართვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სინალოას კარტელი აშშ-სათვის ნაკოტიკების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. ოვიდიო გუზმანზე ძებნა აშშ-საც აქვს გამოცხადებული.

პოლიციასა და კარტელს შორის დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ივლისში მექსიკელ ნარკობარონს, ხუაკინ გუზმანს, ასევე ცნობილს მეტსახელით "ელ ჩაპო", ნიუ იორკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

სინალოას კარტელის ხელმძღვანელს სამუდამო პატიმრობასთან ერთად ნატკოტრეფეკინგის გამო 30 წელიც მიესაჯა.

62 წლის წლის ნარკობარონი ნაფიცმა მსაჯულებმა წაყენებულ ათივე მუხლში, მათ შორის კოკაინის და ჰეროინის დისტრიბუციაში, იარაღის უკანონო ფლობაში და ფულის გათეთრებაში ცნეს დამნაშავედ.

გუზმანი 2016 წელს დააკავეს და აშშ-ში 2017 წელს გადაიყვანეს. მანამდე ის მექსიკის ციხიდან ორჯერ გაიქცა. ელ ჩაპო სინალოას კარტელს მეთაურობდა, რომელსაც აშშ-ში ყველაზე მეტი ნარკოტიკის შეჰქონდა მექსიკიდან.

გუზმანის სასამართლო პროცესი 11 კვირა გრძელდებოდა. მის წინააღმდეგ ჩვენებები ყოფილმა მოკავშირეებმა მისცეს. მისმა ყოფილმა მცველმა თქვა, რომ გუზმანი ხალხს აწამებდა და ცოცხლად მარხავდა, ხოლო კოლუმბიის კარტელის წევრმა თქვა, რომ გუზმანი 13 წლის გოგონებს ნარკოტიკებით აბრუებდა, მათზე სექსუალურად ძალადობდა და ამას მის "ვიტამინებს" უწოდებდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები