ჰონგ-კონგი

ჩინეთმა ჰონგ-კონგში შავი ფერის მაისურების, ყვითელი ჩაფხუტების ექსპორტი აკრძალა

SCMP

ჩინეთმა ჰონგ-კონგში შავი ფერის მაისურების, ყვითელი ქოლგების, ჩაფხუტების და სხვა ნივთების, რასაც ჰონგ-კონგელი მომიტინგეები აქციის მიმდინარეობისას იყენებენ, ექსპორტი აკრძალა. ჰონგ-კონგში უკვე მე-5 თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რაც კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადირების კანონპროექტის აკრძალვის მოთხოვნით დაიწყო და პეკინის კომუნისტური მთავრობის გაზრდილი გავლენის წინააღმდეგ, პროდემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნით გრძელდება. 

კონტინენტური ჩინეთის გუანდუნის პროვინციის საბაჟომ კურიერებს გარკვეული სახის პროდუქციის ექსპორტი აუკრძალეს, რაც მოიცავს შავი ფერის მაისურებს, ყვითელ ჩაფხუტებს, ყვითელ ქოლგებს, პლაკატებს, ხელთათმანებს, ნიღბებს. გუნადუნის პროვინცია ჰონგ-კონგთან მდებარეობს.

აკრძალვის შესახებ განცხადება 11 ივლისით თარიღდება, თუმცა ადგილობრივი მედიისთვის ეს ახლა გახდა ცნობილი.

26 სექტემბერს კი ჩინეთმა აკრძალული ნივთების სია უფრო გააფართოვა - ქოლგები, ჩაფხუტები, სითხეები, პირსახოცები, უსაფრთხოების ჟილეტი, დრონები, მაკრატელი და სხვ.

"ჰონგ-კონგში აღნიშნული ნივთების გაგზავნის შემთხვევაში გამოძიება დაიწყება," - ვკითხულობთ განცხადებაში.

ნივთების შემოწმების გამო კონტინენტური ჩინეთიდან ჰონგ-კონგში გაგზავნილი საქონელი ჩვეულებრივზე ორი დღით გვიან ჩაიტანენ.

  • რა ხდება ჰონგ-კონგში?

თავდაპირველად აქციები ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო. ჰონგ-კონგელები შიშობენ, რომ ექსტრადირებით ოფიციალურ პეკინს ნებისმიერი ჰონგ-კონგელის კონტინენტურ ჩინეთში გასამართლება შეეძლება, სადაც ადამიანის უფლებები და სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. აქციების დაწყებიდან მე-4 თვეს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა კანონპროექტის გაწვევა დააანონსა, თუმცა ოფიციალურად ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს. პროდემოკრატიული აქციები პოლიციამ არაერთხელ ძალადობრივად დაშალა - დარბევის დროს, სულ მცირე, ოთხმა ადამიანმა თვალი დაკარგა, აქციებზე პოლიციამ მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლა. აქციების მიმდინარეობისას ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევას კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაემატა - თავისუფალი არჩევნები, აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება, პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. ატაშეების ინფორმაციით, ჩინეთმა ჰონგ-კონგში სამხედრო პერსონალის რიცხვი ფარულად გააორმაგა.

აშშ-ში ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტის მიღებაზე მსჯელობენ, რითაც შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ. 

"რათქმაუნდა, ჩინეთს [სავაჭრო] შეთანხმების მიღწევა სურს. დაე, თავდაპირველად ჰონგ-კონგთან იმუშაონ ჰუმანურად!" - განაცხადა ტრამპმა.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით, რითაც ჰონგ-კონგს განსაკუთრებული ავტონომია მიენიჭა. ჰონგ-კონგი კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები