ჰოლოკოსტი

ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მცველი სასამართლოს წინაშე წარსდგა

BBC

17 ოქტომბერს გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მესამე რაიხის დროს მოქმედი შთუთჰოფის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მცველი სახელად ბრუნო სასამართლოს წინაშე წარსდგა.

მას ბრალად ედება მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ თვეებში 5 230 ადამიანის გენოციდში თანამონაწილეობა. ბრალდებული ნანობს ჩადენილს. ის ახლა 93 წლის არის.

ბრუნო პოლონეთის ქალაქ გდანსკთან, შთუთჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში საგუშაგოზე ერთერთი მცველი, ნაცისტური პარტიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციის შუცშტაფელის წევრი იყო. პროკურორების თქმით, ბრალდებული იმ დატყვევებულებს აჩერებდა, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცევას ცდილობდნენ.

ბრუნოს თქმით, დატყვევებულები დამნაშავეები არ იყვნენ "ისინი იქ ანტისემიტური, რასისტული ან სხვა მიზეზით მოახვედრეს". 

სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს ყოფილი მცველი 17-18 წლის იყო, ამიტომ მას ახალგაზრდების სასამართლოში ასამართლებენ.

ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსმენები კვირაში ორჯერ, არაუმეტეს ორი საათისა, გაიმართება. 

მის წინააღმდეგ გამოძიება 2016 წელს დაიწყო, როდესაც შუცშტაფელის ტანისამოსზე მისი სახელი და გვარი აღმოაჩინეს. 

შთუთჰოფის საკონცენტრაციო ბანაკი 6 წელი არსებობდა, სადაც 65 000 ადამიანის, მეტწილად, ებრაელების გენოციდი განახორციელეს. ბევრი გაზის კამერაში დაწვეს, ზოგი კი შიმშილით, დაავადებით გარდაიცვალა. ეს პირველი საკონცენტრაციო ბანაკი იყო, რომელიც გერმანიის საზღვრებს მიღმა ააშენეს.

ეს გერმანიაში მესამე რაიხის ყოფილი მცველების წინააღმდეგ გამართული ერთერთი ბოლო სასამართლოა. გერმანიაში ჰოლოკოსტში მონაწილეობის ბრალდებით, დაახლოებით, 29 საქმეს იძიებენ.

ჰოლოკოსტის დროს, ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურმა რეჟიმმა 6 მილიონზე მეტი ადამიანის, უმეტესობა ებრაელების, გენოციდი განახორციელა.

კომენტარები