ხაჭაპურის ფესტივალი

ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი: ხაჭაპურის ფესტივალიდან პოლიტიკური მოტივით მომხსნეს

ლაივპრესი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი, მაია კალანდია ამბობს, რომ სოფელ რუხში დაგეგმილი ხაჭაპურის ფესტივალიდან პოლიტიკური მოტივით ჩახსნეს

"ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურიდან რომ ჩაგხსნიან პოლიტიკური მოტივით, ევროპას კი არა მარსსაც აკვირვებ ბიძინიბიძა", - დაწერა მან ფეისბუქზე. 

მაია კალანდიამ ტაბულას უთხრა, რომ მას 5 დღის წინ დაუკავშირდნენ და ჟიურის წევრობა შესთავაზეს, შემდეგ კი, მისი თქმით, აბსურდული მიზეზით, კვლავ გაიწვიეს. 

"არ მინდა, დეტალურად ვისაუბრო, უბრალოდ ძალიან ვარ შეურაცხყოფილი. ამ ქვეყანაში იმასაც ბიძინა წყვეტს, ვინ დააგემოვნებს ხაჭაპურს. უბრალოდ არ უნდოდათ, სანდრა რულოვსთან დაახლოებულ ადამიანს ფესტივალში მონაწილეობა მიეღო", - თქვა მან. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა, ედუარდ ფარცვანიამ ლაივპრესთან საუბარში პოლიტიკური მოტივი გამორიცხა და თქვა, რომ ფესტივალის ჟიურის წევრების განაწილებაზე ღონისძიებების ორგანიზატორმა კომპანიამ იზრუნა. 

"ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება ეს ყველაფერი. პოლიტიკური მოტივი ტურიზმთან, მით უმეტეს გასტრონომიულ ფესტივალთან ცოტა შორს არის", - თქვა ფარცვანიამ.

მაია კალანდიას ფეისბუქ პოსტზე კომენტარი დატოვა ირაკლი აფხაძემ, რომელიც USAID-ის წარმომადგენელი და ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და თქვა, რომ გადაწყვეტილებასთან პოლიტიკური მოტივი არაფერ შუაშია. 

"მაიკო ჩემი ორგანიზაციის ინიციატივით და დაფინანსებით ტარდება ეს ფესტივალი და არაფერ შუაშია პოლიტიკური შეხედულება და ბიძინა მით უმეტეს. USAID-ს რამდენად აინტერესებს ქართული ოცნების (ან თუნდაც ნებისმიერი პარტიის) ინტერესები ეგეც კარგად იცი. მეტს არაფერს დავწერ, კარგად იცი ჩემი შენდამი დამოკიდებულება", - დაწერა აფხაძემ. 

სოფელი რუხი ხაჭაპურის ფესტივალს ხვალ, 19 ოქტომბერს უმასპინძლებს.

ფესტივალი ერთდღიანი გასტრონომიული ღონისძიებაა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ორგანიზებით და პროექტ "ზრდას", ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და რეგიონული ხელისუფლების მხარდაჭერით.

კომენტარები