ევროპული საქართველო

ჭიაბერაშვილი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ცხოვრების გაძვირება ახალი ბიუჯეტის ბრალი იქნება

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი 2020 წლის ბიუჯეტს "რუტინულს" უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ქართულმა ოცნებამ ასეთი ბიუჯეტი დაამტკიცოს. 

"სიღარიბე გაიზარდა, უმუშევრობა დაუძლეველი პრობლემაა და ფასების ზრდაა ის, რაც ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აღელვებს. შესაბამისად, ასეთ დროს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ლარის გაუფასურების ასეთ ტენდენციას, რუტინული ბიუჯეტის შემოტანა, თითქოს ქვეყანა დალხენილია და ჩვენ ან ბელგია ვართ ან ჰოლანდია, რომელსაც ახალ ერთი მილიონი ლარით იქით ექნება, თუ ორი მილიონი ლარით აქეთ, თითქოს არაფერი მოხდება, ეს არის კატასტროფა,"- ამბობს ჭიაბერაშვილი ტვ პირველთან ინტერვიუში. 

დეპუტატი ფიქრობს, რომ ქვეყანას ლარის გაუფასურების მორიგი ტალღა უახლოვდება, მითუმეტეს მეზობელ თურქეთში განვითარებული მოვლენების ფონზე. 

"კარგად უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ როდესაც ცხოვრება კიდევ უფრო გაგვიძვირდება ამ ზამთარში, სწორედ ასე დაგეგმილი ბიუჯეტია ამის მთავარი წყარო და მთავარი ფაქტორი,"- თქვა ჭიაბერაშვილმა. 

ფინანსთა მინისტრის ცნობით, 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარი იქნება. ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის ხარჯების ნაწილიც იზრდება. ზრდა 1 მილიარდ დოლარს აღემატება. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ფინანსთა მინისტრის ცნობით, 2020 წელს საქართველოში 5%-იან ზრდას ვარაუდობენ.

კომენტარები