საპარლამენტო არჩევნები 2020

ენმ-ისა და ევსაქების "ჩასაჩოჩებლად" გიორგი ოთხმეზური პოლიტიკურად გააქტიურებას აპირებს

აკადემიკოსი გიორგი ოთხმეზური, რომლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულიც სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე თვის წინ შეიწყალა, პოლიტიკურად გააქტიურებას აპირებს. ამასთან დაკავშირებით ოთხმეზური პარლამენტში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, გია ჟორჟოლიანს, შეხვდა და პოლიტიკურ თანამშრომლობას სწორედ მასთან ერთად გეგმავს. 

"გია [ჟორჟოლიანი] მეგობარია ჩემი დიდი ხნის. წესიერი კაცია. აზრიანი კაცია. საკმაოდ კარგი პროგრამა აქვს, კარგი აზრები აქვს ძალიან და მე ყველანაირად შევეცდები, რომ მხარი დავუჭირო. სხვა რამეზე საუბარი ჯერ ცოტა ადრეა. ამის გამო ვიყავი დღეს გიასთან პარლამენტში მისული," - ამბობს ოთხმეზური ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ისტორიკოსის თქმით, ის პოლიტიკურად გააქტიურებას "არავის საწინააღმდეგოდ" არ აპირებს, მაგრამ სურს, რომ შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს "ჩააჩოჩებს". 

"ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და, მე მგონი, ჟორჟოლიანის პარტია შეძლებს გარკვეული დოზით, რომ ამაში მიიღოს მონაწილეობა,"- თქვა ოთხმეზურმა.

რამდენიმე მცდელობისდა მიუხედავად, ისტორიკოსი პრეზიდენტის მიერ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

"ვთქვი მე ჩემი სათქმელი ერთხელ და დავამთავრე მაგით, მეტი არ მინდა მაგ თემაზე საუბარი," - ამბობს ოთხმეზური. 

სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 24 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. ინფორმაცია ცნობილი 16 სექტემბერს გახდა. 

ასლან ბეჟანიძე 12-წლიანი ძებნის შემდეგ დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ჯერ საქალაქო სასამართლომ, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ ის გაამართლა. 

2018 წლის 2 მარტს კი ბეჟანიძე ისევ დააკავეს და იმავე წლის 29 მარტს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, მას განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

ოთხმეზურმა ამ ამბავს 18 სექტემბერს გამოეხმაურა და თქვა, რომ "ქალბატონი სალომე არის უვარგისი ადამიანი".

კომენტარები