მოძრაობა გზებზე

მერია: უახლოეს მომავალში თბილისში ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა ამოქმედდება

Bayram Isgandarov / newscafe.ge

თბილისის მერიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, დედაქალაქში ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა ამოქმედდება. ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, პროექტზე მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს. მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში, შუქნიშნებზე დამონტაჟდება დეტექტორები, ელექტრონული პროგრამა ავტომატურ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ნაკადების მოცულობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მოხდება მათი ოპტიმალური მართვა. 

”დღეს პატრულ-ისპექტორები ცალკეულ ადგილებზე არიან განლაგებულები და ფიზიკურად ხდება ნაკადების მართვა, ამას დაემატება ჭკვიანი სისტემიდან წამოსული კონკრეტული სცენარები და ერთობლივად, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები, განვახორციელებთ ნაკადების ოპტიმალურად მართვას. ეს არის ნაკადების მართვის ჭკვიანი სისრტემა, რომელსაც იყენებენ ყველა განვითარებულ ქალაქში“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ნაკადების მართვის ავტომატიზირებული სისტემის  მიზანი ნაკადების ისე გადანაწილებაა, რომ ქალაქში ნაკლები საცობი იყოს.

"კონკრეტული დეტექტორების მონტაჟი მოხდება შუქნიშნებზე, რომელიც დაითვლის ნაკადებს, დროის კონკრეტულ მონაკვეთში. როდესაც ერთ დღეს დაითვლება, დროის იგივე მონაკვეთში მეორე დღისთვის სისტემა მოგვცემს უკეთეს სცენარს. შეიძლება გიკარნახოს, რომ შეიცვალოს შუქნიშნის რეჟიმი ან გატარება-შეზღუდვის დრო, შეიძლება, მოდელმა მიმართულების მხრივ უფრო ოპტიმალური სცენარი წარმოადგინოს“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები.

თბილისის მერიის ცნობით, სისტემა ქალაქში ეტაპობრივად, რამდენიმე თვის განმავლობაში დაინერგება.

კომენტარები