აფეთქება გურამიშვილზე - შსს-მ გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დ. გურამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა. 

სანზონაში დილით ერთერთ საცხოვრებელ 16-სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რის შედეგადაც დაინგრა მეოთხე სართული და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. 

აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

ამ დროისთვის კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. სამუშაოების დასრულებამდე ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები რჩებიან. ამასთან, გურამიშვილის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური. 

კომენტარები