რუსთავი 2-ის საქმე

"ეს გამოძიება ნიკა გვარამიას დაკავების მცდელობაა" - გიორგი გაბუნიამ პროკურატურა დატოვა

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ყოფილმა და მთავარი არხის მოქმედმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, პროკურატურის შენობა დატოვა.

გაბუნია არხის საინფორმაციოს ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის, მსგავსად ამბობს, რომ მას შეკითხვებიდან გამომდინარე შთაბეჭდილება დარჩა, რომ მთელი ეს გამოძიება არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, დაკავების მცდელობაა. 

"მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ ეს არ გამოუვათ, მაგრამ დაკითხვები ბოლომდე უნდა მიიყვანონ. და მეორე, რაც მათ სურთ, გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოახერხონ, მიზანი არის მთავარი არხისთვის ხელის შეშლა," - ამბობს გაბუნია. 

ჟურნალისტის თქმით, მას, კოლეგების მსგავსად, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი და პირველ რიგში ის უთხრეს, რომ არ ესაუბრა იმ შეკითხვებზე, რაც მას გამოძიების ფარგლებში დაუსვეს. 

ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია პროკურატურამ გამოკითხვაზე 4 ოქტომბერს დაიბარა. 

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ საქმე ეხება "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას".

3 ოქტომბერს ამავე საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ რუსთავი 2-ის საინფორმაციოს ყოფილი და ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, გიორგი ლაფერაშვილი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე და ჟურნალისტი, ზაალ უდუმაშვილი. საქმეზე გამოიკითხა ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორი, ზურაბ გუმბარიძეც.

პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, რუსთავი2-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. 

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა. პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

11 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ გვარამიამ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა 80 000 ლარს ითხოვდა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებდა. თუმცა 11 სექტემბერს facebook-ზე დაწერა, რომ გირაოს გადაიხდიდა.

კომენტარები