მოსკოვის თეატრი ქუთაისში

ქუთაისში ლადო მესხიშვილის თეატრი მოსკოვის თეატრს მასპინძლობს

ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი 19-20 ოქტომბერს მოსკოვის თეატრს "ნიკიტკის კარიბჭეს" მასპინძლობს. 

მესხიშვილის თეატრის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული აფიშის მიხედვით, მოსკოვის თეატრი ქუთაისში ორ სპექტაკლს ჩაატარებენ - 19 ოქტომბერს "არ დამივიწყო", ხოლო 20 ოქტომბერს "ჩვენი ეზოს სიმღერები". 

მოსკოვის თეატრის მასპინძლობას ქუთაისის მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" 19:00 საათზე მესხიშვილის თეატრთან აქციის ჩატარებას გეგმავს. აქციას ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას, პიარი დათო ლიკლიკაძეც უერთდება. 

ტაბულა დაუკავშირდა ქუთაისის მერიის კულტურის დეპარტამენტს, სადაც გვითხრეს, რომ თეატრის გადაწყვეტილებასთან საერთო არ აქვთ და ის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. 

მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი მოსკოვის თეატრის მასპინძლობაში პრობლემას ვერ ხედავს. გოგოლაშვილის თქმით, რუსეთი ოკუპანტია, თუმცა თეატრი კულტურულ რუსეთს არ ებრძვის.

"ჩვენ არ ვებრძვით კულტურულ რუსეთს. მაშინ არ უნდა დავდგათ ჩეხოვი და არ უნდა ვიკითხოთ დოსტოევსკი, პუშკინი, გოგოლი. არ უნდა მივიღოთ რუსი ტურისტები. არ უნდა გავყიდოთ რუსეთში ღვინო. ჩვენ ვებრძვით მილიტარისტულ რუსეთს, ჩვენ ვებრძვით ოკუპანტ რუსეთს, რომელიც კულტურულ რუსეთთან არანაირ კავშირში არაა, კულტურული რუსეთი ჩვენს მხარესაა,"- ამბობს გოგოლაშვილი ადგილობრივ მედიასთან "რადიო ძველი ქალაქი". 

კომენტარები