ოკუპაცია

საგარეო: ვგმობთ ატოცში საოკუპაციო ხაზის გავლების უკანონო პროცესის გაგრძელებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას.

გავრცელებულ განცხადებაში უწყება წერს, რომ ბოლო დროს ადგილზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, საოკუპაციო ძალების ეს ქმედება მიზანმიმართული პროვოკაციაა და მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას.

"სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის ეს უკანონო მცდელობა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობას, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და წვდომას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ატოცში განვითარებული მოვლენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს საერთაშორისო პარტნიორებს, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდება დიპლომატიურ კორპუსს.

ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გავლების სამუშაოები დღეს, 19 ოქტომბერს, განაახლეს.

კომენტარები