გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები სასტუმროებში მოათავსეს

თბილისის მერია

გურამიშვილის გამზირზე კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, სულ 120 ადამიანი თბილისის მერიამ სამ სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა.

თბილისის მერი კახა კალაძე სასტუმრო "შაინში" დაზარალებულებს შეხვდა, სადაც 15 ოჯახია განთავსებული. კალაძე ამბობს, რომ დაზარალებულების ნაწილმა სასტუმროზე უარი თქვა, რადგან თავიანთ ნათესავებთან ერჩივნათ ყოფნა, ხოლო ყველა დანარჩენი ამ დროისთვის სასტუმროებშია განთავსებული. 

"პარალელურად, როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩვენი სამსახურები კორპუსში შევლენ და დასუფთავებას, მოწესრიგებასა და აღდგენის სამუშაოებს დაიწყებენ. ველოდებით მუნიციპალური ლაბორატორიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს, თუ რომელია ის კონკრეტული ადგილები, სადაც შესვლა შესაძლებელია და საფთხე არ არსებობს და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობის დაბრუნებას საკუთარ ბინებში,"- ამბობს კალაძე.

გურამიშვილის გამზირზე ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, დაახლოებით, დილის 9-ის წუთებზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება კორპუსში გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რის შედეგადაც 16-სართულიან კორპუსში მეოთხე სართული ჩამოინგრა და მოპირდაპირე კორპუსში ფანჯრის მინები დაიმსხვრა. 

აფეთქების შედეგად სულ 4 ადამიანი დაშავდა, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. 39 წლის კაცს სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს, ამასთან აქვს სასუნთქი გზების დამწვრობაც. შს მინისტრის ცნობით, სწორედ ამ კაცის სახლში მოხდა აფეთქება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომგამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა.

კომენტარები