NATO-საქართველო

გახარია მედვედევზე: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგაა მიმართული

გიორგი გახარია
პრემიერმინისტრის პრესსამსახური

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. 

მისი თქმით, ეს არის პოზიცია, რომელსაც სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გამოხატავს და ამ პოზიციის დეკლარირებას მათთან ერთად ახდენს. 

გახარია დმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ NATO-ში იმ ქვეყნების მიღება, რომელთაც შიდა კონფლიქტები აქვთ, საშიშია და რუსეთი ამას როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო გზით უპასუხებს.

"საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურება ჩვენი ქვეყნისთვის არის ყოველთვის მნიშვნელოვანი. ეს არ არის ახალი, მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია. ამ განცხადებების საპასუხოდ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ. ის არავის ემუქრება. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ვაფიქსირებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას", - თქვა გიორგი გახარიამ. 

მედვედევმა სერბულ გამოცემასთან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ შიდა კონფლიქტების მქონე ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის მცდელობებს სერიოზული შედეგები მოსდევს, ამიტომ ალიანსისი წევრობის ასეთ პრეტენდენტებს აუცილებლად სჭირდებათ დაფიქრება. 

"ნატო-ში იმ ქვეყნების გაწევრიანების მცდელობა, რომლებშიც შიდა წინააღმდეგობა არსებობს, საკმაოდ სახიფათოა. თქვენ საუბრობთ ბოსნია და ჰერცოგოვინაზესერბეთზე, თუმცა ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ სხვა ქვეყნებიც. და რა ხდება საქართველოში? რა ხდება უკრაინაში? ეს ქვეყნები არც ისე მარტივ მდგომარეობაში არიან", - თქვა მედვედევმა. 

მან ასევე მიუთითა, რომ მსგავსი ქმედებები ნატოს წესდებას ეწინააღმდეგება. 

"ეს სავსეა სერიოზული შედეგებით. სწორედ ამიტომ, ნატოს წევრი სახელმწიფოები ასეთი გადაწყვეტილებების მიღებამდე ყურადღებით უნდა დაფიქრდნენ. არავინ უარყოფს, რომ რუსეთს აქვს თავისი ინტერესები უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ, ჩვენ ბირთვული ქვეყანა ვართ და სურვილს, ჩვენს შემოგარენში განთავსდეს ნატოს ბაზები, ჩვენში დადებით ემოციებს ვერ გამოიწვევს. ჩვენ ყოველთვის ვპასუხობდით და ვუპასუხებთ ამას, როგორც პოლიტიკურად, ისე საომარი გზით", - თქვა რუსეთის პრემიერ მინისტრმა. 

კომენტარები