ბრექსითი

ბრიტანეთში პარლამენტარებმა ბრექსითის გადადებას მხარი დაუჭირეს

ბრიტანეთში პარლამენტარებმა ბრექსითის გადადებას მხარი დაუჭირეს.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტარები ბრექსითის ახალ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერენ პრემიერმინისტრმა ჯონსონმა ევროკავშირს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის გადადება 2020 წლის 31 იანვრამდე უნდა სთხოვოს. 

კონსერვატორული პარტიის ყოფილმა წევრმა ოლივერ ლეთვინმა, რომელიც ჯონსონმა პარტიიდან გარიცხა, იდეა წამოჭრა, რომ გადაწყვეტილება დაუჭერდნენ თუ არა მხარს ახალ შეთანხმებას გადაიდებოდა მანამ, სანამ ამის განსახორციელებლად პარლამენტში ყველა კანონმდებლობას არ მიიღებენ. 

322-მა პარლამენტარმა 306-ის წინააღმდეგ შესწორებას მხარი დაუჭირა.

ჯონსონს სჯერა, რომ ამის მოსწრება 31 ოქტომბრამდე შესაძლებელია, თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ ამისთვის მოკლე "ტექნიკური" გადადება არის საჭირო. 

"მე ევროკავშირთან ბრექსითის გადადების მოლაპარაკებას არ ვაპირებ, არც კანონი მაიძულებს ამას... გადადება ჩვენი ქვეყნისთვის, ევროკავშირისთვის და დემოკრატიისთვის ცუდი იქნება," - თქვა ჯონსონმა. 

პარლამენტარების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჯონსონმა ბრექსითის შეთანხმებაზე ხმისმიცემა სამშაბათამდე, 22 ოქტომბრამდე გადადო, ამრიგად, დღეს ბრიტანეთის პარლამენტი ბრექსითის ახალ შეთანხმებას არ უყრის უყრის კენჭს.

ჯონსონს პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს. კენჭისყრაში 639 პარლამენტარი იღებს მონაწილეობას, ახალ შეთანხმებაზე ჯონსონს 320 პარლამენტარის მხარდაჭერა სჭირდება. 

ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიული იუნიონისტური პარტიის (DUP) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერენ. მათი მხარდაჭერა, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდეს ჯონსონისათვის, რადგან სწორედ მათი ხმები აძლევდა კონსერვატიულ პარტიას პარლამენტში უმრავლესობას.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა, კი თქვა, რომ ეს შეთანხმება კიდევ უფრო უარესია, ვიდრე წინა, რომელიც ტერეზა მეიმ შეიმუშავა და პარლამენტარებმა ის უნდა ჩააგდონ. მოსალოდნელია, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ შეთანხმების რეფერენდუმზე გატანა მოითხოვოს. აღსანიშნავია, რომ ლეიბორისტული პარტიის 9 წევრმა, შესაძლოა, მხარი დაუჭიროს შეთანხმებას.

კონსერვატორების, ევროპის კვლევითი ჯგუფის (ERG) ხელმძღვანელმა, სტივ ბეიქერმა, ERG-ის წევრებს ახალი შეთანხმებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა. 287 კონსერვატორიდან ევროპის კვლევით ჯგუფში 28 პარლამენტარია, რომლებიც მუდმივად ბლოკავდნენ მეის შეთანხმებას.

უცნობია, რას გადაწყვეტს კონსერვატორული პარტიის ყოფილი 23 წევრი, რომელთა უმეტესობაც ჯონსონმა გასულ თვეს პარტიიდან გარიცხა.

ჯონსონი ამბობს, რომ 31 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის დატოვებს - "არანაირი 'თუ', არანაირი 'მაგრამ'".

შაბათ დღეს ბრიტანეთის პარლამენტი 1982 წლის ფოლკლენდის ომის შემდგომ 19 ოქტომბერს პირველად შეიკრიბა.

ორი დღის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ევროკავშირთან ბრექსითზე ახალ შეთანხმებას მიაღწია. ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა თქვა, რომ შეთანხმება სამართლიანი და დაბალანსებულია.

ჯონსონის მთავარი მიზანი მეის გეგმიდან ე.წ. ბექსტოპის მექანიზიმს ამოღება და ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საბაჟო საზღვრის პრობლემის გადაჭრა იყო. როგორც ამ დროისათვის არის ცნობილი, ახალი გეგმის მიხედვით ჩრდილოეთ ირლანდიაზე, გაერთიანებული სამეფოს დანარჩენი ნაწილებისაგან განსხვავებული პირობები გავრცელდება, რასაც DUP ეწინააღმდეგება.

სწორედ ირლანდიის საზღვარის საკითხი იქცა მეის გეგმის მთავარ წინააღმდეგობად. მეის გეგმაში საკითხის გადასაჭრელად გათვალისწინებული იყო ე.წ. "ბექსტოპის" მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ჯონსონი ამ მექანიზმს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ მისი შეცვლის გარეშე შეთანხმება ვერ შედგებოდა.

ერთი კვირის წინ ჯონსონმა წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ ირლანდია საბაჟო კავშირს 2021 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს სხვა ნაწილებთან ერთად დატოვებს, თუმცა, თუ ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეა მხარს დაუჭერს, ისინი ევროკავშირის რეგულაციებს შეინარჩუნებენ სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქტებზე.

ამ გეგმის მიხედვით მსგავსი მოწყობა შესაძლოა მუდმივად გაგრძელდეს, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიამ ის ყოველ 4 წელიწადში ხელახლა უნდა დაადასტუროს.

საბაჟო შემოწმება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ელექტრონული გახდება და სწორედ ასე მოხდება საბუთების შევსება და შემოწმება. ჯონსონის თქმით ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა როდენობის შემმოწმებელი პუნქტის არსებობა იქნება საჭირო, რომლებიც, თავის მხრივ, უშუალოდ საზღვარზე არ იქნება განთავსებული და მისგან მოშორებით, ბიზნესების ტერიტორიაზე და მიწოდების ქსელის სხვა პუნქტებთან განთავსდება.

ჯონსონი ირწმუნებოდა, რომ ბრიტანელი პარლამენტები ამ გეგმას მოიწონებდნენ, თუმცა ევროკავშირში მას ენთუზიაზმით არ შეხვდნენ.

ჯონსონს წინააღმდეგობა შეხვდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას. დაუნინგ სტრიტის ინფორმაციის მერკელს სურდა ჩრდილოეთ ირლანდია საბაჟო კავშირში დარჩენილიყო.

გასულ კვირას კი ირლანდიის პრემიერმინისტრ ლეო ვარადკართან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად შემუშავდა გეგმა, რომლითაც ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირის საბაჟო შეთანხმებას დატოვებს, მაგრამ გაერთიანებული სამეფო დათანხმდება ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმავალ საქონელზე ევროკავშირის საბაჟო რეგულაციების გამოყენებაზე.

კომენტარები