სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

ტვ პირველი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები, როგორც იაპონიის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.

სალომე ზურაბიშვილი შეხვდება: იაპონიის პრემიერ-მინისტრს, შინძო აბეს, უსაფრთხოების ცენტრში კიბერუსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლებს, იაპონიის პარლამენტში იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის პრეზიდენტს, აკიკო სანტოს, იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს და ტოკიოს მერს იურიკო კოიეკეს.

ზურაბიშვილი ასევე შეხვდება ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელლენის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს.

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს ასევე, კულტურის სასახლის პრეზიდენტსა და მედიაჰოლდინგ "ფუჯი"-ს აღმასრულებელ დირექტორს, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საპატიო პრეზიდენტს შეხვდება.

უწყების ცნობით, პრეზიდენტი ტოკიოში რამდენიმე მუზეუმს დაათვალიერებს, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების მუზეუმს, ციფრულ მუზეუმსა და მირაიკანის მუზეუმს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ქართულ დიასპორასა და ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს-ტოჩინოშინს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში სამუშაო ვიზიტს 25 ოქტომბერს დაასრულებს.

.........

ცნობისთვის, იაპონიის 85 წლის იმპერატორი აკიჰიტო აპრილში გადადგა, რითიც თანამედროვე ისტორიაში პირველი იაპონელი მონარქი გახდა, რომელმაც ტახტი სიცოცხლეშივე დათმო.

იაპონიის ახალ იმპერიულ ეპოქას “რეივას ეპოქა“ ერქმევა. იაპონიაში ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლით ახალი წელთაღრიცხვა იწყება, რომელსაც ქვეყანა დასავლურ კალენდართან ერთად იყენებს. 31-წლიანი ჰეისეის ეპოქა იმპერატორ აკიჰიტოს წასვლასთან ერთად დასრულდა. 

კომენტარები