გურამიშვილზე კორპუსში, სადაც გუშინ გაზი აფეთქდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერია

გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ, 19 ოქტომბერს აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ამბობს, რომ ერთ კვირაში გახდება ცნობილი, შესაძლებელი იქნება თუ არა კორპუსში ცხოვრების გაგრძელება. 

"ჩვენ ვვარაუდობთ იმასაც რომ მაცხოვრებლების ნაწილს შეეძლებათ დაბრუნდნენ საცხოვრებლებში. რაც შეეხება იმ სამ სართულს, სადაც ყველაზე მეტი დაზიანებაა იქ ცოტა უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

მისი თქმით, 52 ოჯახი, ჯამში 208 ადამიანია გაყვანილი სასტუმროში. 

დილიდან ადგილზე კორპუსის მოსახლეობაა შეკრებილი. მათ შენობაში ეტაპობრივად უშვებენ.

19 ოქტომბერს, გურამიშვილის გამზირზე ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, დაახლოებით, დილის 9-ის წუთებზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება კორპუსში გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რის შედეგადაც 16-სართულიან კორპუსში მეოთხე სართული ჩამოინგრა და მოპირდაპირე კორპუსში ფანჯრის მინები დაიმსხვრა. 

აფეთქების შედეგად სულ 4 ადამიანი დაშავდა, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. 39 წლის კაცს სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს, ამასთან აქვს სასუნთქი გზების დამწვრობაც. შს მინისტრის ცნობით, სწორედ ამ კაცის სახლში მოხდა აფეთქება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომგამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა.

კომენტარები