ილია მეორე

ილია II აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს: ღირსეული ცხოვრებით ყოფილიყავით სამშობლოს წარმომჩენნი

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართა და ამერიკაში ქართულ სამღვდელთმთავროს იუბილე მიულოცა. 

ილია მეორის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. 

"გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემამულენი, ჩვენი ტკივილი ხართ და ამასთან იმედიც იმისა, რომ მატერიალური პრობლემების დაძლევის გარდა, შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას.

ტაძრები, საკვირაო სკოლები და შემოქმედებითი ცენტრები, რაც დღეს აშშ-ში საქართველოს ეკლესიის სახელით ფუნქციონირებს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ჩვენ ვმადლობთ აქ მოღვაწე ადამიანებს.

პირველ რიგში მადლობას ვუხდით მეუფე საბას (ინწკირველს), ასევე, სასულიერო პირებს და საერთოდ, ყველას, ვინც კი დღიდან საქართველოს ეკლესიის აქ დაარსებისა, იშრომა და იმუშავა ღვთისა და მოყვასის სამსახუროდ.

მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას და იმ პიროვნებებს, ვინც უსამშობლოდ ყოფნა შეგიმსუბუქათ და თანადგომა გაგიწიათ.

დღეს რთული დროა, გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ შეუშინდეთ განსაცდელს; მთავარია, სწორი პასუხი გასცეთ გამოწვევებს. თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა. ამიტომაც თქვენი კარგი თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას.

არა აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზე ხართ, ან რა მოვალეობა გაკისრიათ; ვისურვებდი, თქვენი ღირსეული ცხოვრებით ყოფილიყავით სამშობლოს წარმომჩენნი და დამფასებელნი.

შევთხოვ ყოვლადწმინდა სამებას, მოგანიჭოთ თვისი მადლი, დალოცოს თქვენი ოჯახები და მშვიდობით და სიხარულით აღგავსოთ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ჩვენი დიდი დედა იყოს თქვენი მეოხი და შემწე და საქართველოსკენ გზის გამკვლევი, რათა თქვენი ცოდნა და მიღებული გამოცდილება სამშობლოსაც მოახმაროთ"- ამბობს პატრიარქი წერილში. 

კომენტარები