ქვეყნის სამსახურში

"ქვეყნის სამსახურში" თელავში აქციას მართავს [ვიდეო]

ქვეყნის სამსახურში მეტი ადამიანის გაწევრიანების მიზნით, მოძრაობამ "ქვეყნის სამსახურში" რეგიონებში გასვლას დაიწყო. პირველი აქცია თელავში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ერეკლეს მოედანზე შეკრებილები ისაუბრებენ სამოქალაქო მოძრაობის მიზნებზე, არჩევნებში წასვლის აუცილებლობაზე, მოისმენენ ხალხის პრობლემებს და გააცნობენ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის გზებს.

"20 ივნისს, საქართველოს მთავრობამ სიხარულით უმასპინძლა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასვა რუსი კომუნისტი დეპუტატი - სერგეი გავრილოვი. ოკუპანტის ეს პატივით დახვედრა იმავე დღეს ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მთავრობამ, რომელიც ოკუპანტს მშვიდობით ეგებება, თავისივე მშვიდობიან დემონსტრანტებს ცხოველებისთვის განკუთვნილი რეზინის ტყვიები დაუშინა.

"გავრილოვის ღამეს" დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, 40-მდე მედიის წარმომადგენელი და თვალი დაკარგა 5-მა ადამიანმა.

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას მომხდარზე პასუხისმგებლობა აეღო, ბიძინა ივანიშვილმა დამნაშავე შს მინისტრი დააწინაურა და ახლა გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტს იკავებს", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

მოძრაობა სირცხვილია, შემდგომში "ქვეყნის სამსახურში" 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ჩამოყალიბდა. მოძრაობის წევრები ზუსტად 3 თვის განმავლობაში პარლამენტთან ყოველდღიურ რეჟიმში მართავდნენ აქციებს და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. აქციების 3 თვის თავზე კი, მას შემდეგ, რაც გახარია პრემიერმინისტრად დაინიშნა, ყოველდღიური აქციები შეწყვიტეს და საზოგადოებას მანიფესტი წაუკითხეს. 

კომენტარები