გიორგი ქობულია

ქობულია: რუსეთმა რომ ფრენები შეგვიჩერა, ხელისუფლების შეცდომაა, მათი ბრალია

მთავარი არხი

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, ის, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეწყვიტა, მთავრობის შეცდომა და ბრალია.

ვინაიდან, მისი თქმით, მოსახლეობაში უკმაყოფილება დაგროვდა, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დასმამ კი პროტესტი ამ უკმაყოფილების ფონზე გამოიწვია.

"რუსებმა რომ აკრძალეს ფრენები, ეს არის ჩვენი მთავრობის დიდი შეცდომა და ეს არის მათი ბრალი. მათ არ უნდა დაეშვათ სიტუაციის ასეთი განვითარება. მათ უნდა ემართათ ეს ქვეყანა უფრო ეფექტურად, რომ არ დაგროვილიყო ამხელა უკმაყოფილება ხალხში, რომ ისინი გამოსულიყვნენ და ასეთი ამბავი დაეწყოთ. რაც მოხდა, არის ხალხის უკმაყოფილების შედეგი. როცა ისინი ხედავენ, რომ ხალხი უკმაყოფილოა შედეგით, იმასაც უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ გავრილოვი არ ჩასვან იმ "კრესლოში", - თქვა გიორგი ქობულიამ მთავარი არხის ეთერში.

მისივე თქმით, საქართველოს რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვით "უზარმაზარი დარტყმა მიადგა", რის გამოც მთავრობამ კეთილი უნდა ინებოს და მგზავრთა ნაკადი აღადგინოს.

"მე ვიყავი ეკონომიკის მინისტრი, მთელი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ მოგვეზიდა ტურისტები დასავლეთ ევროპიდან. მაგრამ ეს არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ჩვენი ცნობადობა რუსეთში არის ძალიან მაღალი, არის ახლოს, ეს ხალხი გვიცნობს, ამიტომ ისინი მოდიან.

საქმე იმაშია, რომ რუსეთში რეკლამა არ გვჭირდება", - თქვა გიორგი ქობულიამ.

რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლის შესაბამისადაც, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანა დროებით აეკრძალათ. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებს ეძლევათ რეკომენდაცია აკრძალვის მოქმედების პერიოდში თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან.

პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფილი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

რუსეთის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამდე გავრცელდა პრემიერმინისტრ მედვედევის კომენტარი, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას არაპროფესიონალურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ანტირუსული განწყობების გაძლიერების შემთხვევაში მოსკოვი ტურისტებს საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებით გააფრთხილებს.

პუტინის მიერ ამ ბრძანების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, 20 ივნისს საქართველოს მცხოვრებლებმა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ყოფნა გააპროტესტეს - გავრლოვი, რომელიც მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეა, საქართველოში სწორედ ამ ასამბლეის ღონისძიების ფარგლებში იმყოფებოდა.

ამას რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით სპეცრაზმმა წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალა. დაშავდა ათობით მოქალაქე, მათგან ორმა - თვალი დაკარგა. ასევე, დაზიანდა 40-მდე ჟურნალისტი.

კომენტარები