გიორგი ქობულია

ქობულია: წითელი ხაზები არ არსებობს, კოალიციას შევქმნი ყველასთან, ვინც ჩემს პირობებზე წამოვა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, ის ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს, ვინაიდან ამ ეტაპზე ვერავის ხედავს, ვისაც შეუერთდება.

მთავარი არხის ეთერში ქობულიამ პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, შეუქმნის თუ არა უმრავლესობას ქართულ ოცნებას, თუ ამის საჭიროება დადგა. კითხვაზე, ვისთან ითანამშრომლებს, ყოფილმა მინისტრმა ასე უპასუხა:

"პირდაპირ გეტყვით, ლაპარაკია ახალი პარტიის შექმნაზე. მე ვერ ვხედავ ჩემ თავს, რომ ვინმეს შევუერთდე. ამ მომენტში არ მაქვს პასუხი კითხვაზე, შევუქმნი თუ არა უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილს. ამას არავისთან გამოვრიცხავ საერთოდ. მე შევქმნი იმ პარტიასთან და იმ მოძრაობასთან კოალიციას, რომელიც გაიზიარებს იმ პრინციპებს, რომელსაც მე შემოვიტან და რომელიც იმუშავებს იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენ გვექნება. მე მგონია აბსოლუტურად არასწორი საზოგადოების გაყოფა და თქმა, რომ ეს ცუდია და ეს კარგია. მე არ ვიცი, ეს იქქნება ნაციონალური, არანაციონალური, ოცნება თუ არა ოცნება, ჩვენ შევქმნით კოალიციას იმასთან, ვიდრე ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის იბრძოლებს".

რაც შეეხება კოალიციას პატრიოტთა ალიანსთან - ქობულია არც პრორუსულ პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

"არანაირი წითელი ხაზი ჩემთვის არ არსებობს. მე შევქმნი [კოალიციას] მხოლოდ იმ პირობებზე, რომელიც მე მიმაჩნია სწორად და თუ ამ პირობებზე ის ძალა არ წამოვიდა, მაშინ არ შევქმნი", - თქვა ქობულიამ.

კომენტარები