ე.წ მუქარის წერილი

ადვოკატი: გამოძიების დაწყებისთანავე ის, ვინც ხაზარაძეს წერილი მიუტანა, ჩვენებას მისცემს

youtube.com EY Global

TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ როგორც კი პროკურატურა ე.წ მუქარის წერილზე გამოძიებას დაიწყებს, რომელიც ხაზარაძის თქმით, მას პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ შუამავლის საშუალებით გაუგზავნა, წერილის მიმტანი პირი გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში და მისცემს ჩვენებას. 

ამის შესახებ კორძაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც თქვა, რომ პროკურატურას წერილის დედანს გადასცემს, მედიას კი ლონდონის ექსპერტიზის დასკვნა მიაწოდა. 

"დღევანდელი სიტუაციით, როგორც კი, აი, ამ საქმეზე რეალურად გამოძიება დაიწყება, პირი, რომელმაც წერილი მიიტანა, მზად არის, მივიდეს გამოძიებაში და მისცეს ჩვენება,"- თქვა კორძაძემ. 

მამუკა ხაზარაძე ადვოკატთან ერთად გამოძიებას წერილის დედანს 21 ოქტომბერს 16:00 საათზე გადასცემს. ასლი და ექსპერტიზის დასკვნა, მედიასთან ერთად, სახალხო დამცველსაც გადაეგზავნება. ხაზარაძის დაცვის მხარე ამ გზით წერილის დედანის დაცვას ცდილობს. 

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მან შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძესა და ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. 

მოგვიანებით, ხაზარაძემ ეს წერილი გაასაჯაროვა. წერილის ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთერთი მათგანი კი, "რევანშის" ხსენებით საზოგადოებისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო. აღსანიშნავია, რომ ხაზარაძემ ასეთი განცხადება მეორე ტურის წინ მართლაც გამოაქვეყნა. 

5 მარტს ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში დაიკითხა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ სასამართლოში გახარიას მუქარის ამსახველი წერილის ასლი მიიტანა და რომ წერილის ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. 

ხაზარაძის მიერ მუქარის წერილზე საუბარს წინ უძღოდა პროკურატურის მიერ TBC ბანკში შესვლა და ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოძიების დაწყება, რის შედეგადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადადგომა მოითხოვა. გამოძიების შედეგად TBC ბანკმა ლონდონის ბირჟაზე რამდენიმე მილიონი დოლარით იზარალა. 

12 სექტემბერს მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ლონდონში ექსპერტიზის პირველი ნაწილი დასრულდა და მისი ორიგინალი ვერსია ახლა საქართველოშია. ხაზარაძის თქმით, წერილზე ექსპერტიზამ 120-ზე მეტი ანაბეჭდი აღმოაჩინა. ახლა სწორედ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, წერილზე არსებული 120-ზე მეტი თითის ანაბეჭდიდან, რომელიმე ეკუთვნოდა თუ არა გიორგი გახარიას. 

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ საბოლოო დოკუმენტები ლაბორატორიიდან, ყველა საბუთი არის თბილისში. ერთადერთი საკითხი, რაზეც ჩვენ იურისტებთან გავდივართ კონსულტაციას, არის მექანიზმის მოფიქრება, რომ ის დედანი, რომელსაც ჩვენ ჩავაბარებთ, თავისი 120 ანაბეჭდით, არ გაქრეს. იმიტომ რომ ძალიან საეჭვოდ დაემთხვა გახარიას მიერ ბელარუსული კომპანიის მაისში დაქირავება, რომელსაც ჩვენი ანაბეჭდების ბაზა გადაეცა. მიუხედავად ამისა, იდენტიფიკაცია შესაძლებელია, თუმცა არ მჯერა, რომ ამ პროკურატურის ხელში რამე მოხდება"- ამბობს ხაზარაძე. 

TV პირველის ცნობით, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს ბელარუსულ კომპანია TODES-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც კომპანიას იმ ბაზის განახლება დაევალა, სადაც საქართველოს მოქალაქეების თითის ანაბეჭდებია დაცული. 

კომპანია TODES-ი 1992 წელს მინსკში დაფუძნდა. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მათი სერვისის დამკვეთების სიაა მოცემული, სადაც უზბეკეთისა და ყაზახეთის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროებიცაა მითითებული. 

კერძოდ, როგორც კომპანიის ვებსაიტზეა მითითებული, მათი დამკვეთები არიან: 

უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი;
ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტი;
ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო; 
ბელარუსის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო;
ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტი. 

ოპოზიციური ლიდერები ტელეკომპანია პირველთან ამბობენ, რომ ეს ხელშეკრულება ორი კუთხითაა საგულისხმო - ერთი ხაზარაძის მიმართ მიწერილ წერილს და მასზე გახარიას შესაძლო თითის ანაბეჭდს უკავშირდება, ხოლო მეორე - საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. 

კომენტარები