უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატები

თადუმაძე და თავაძე მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ - ევრ. საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც ევროპულმა საქართელომ შეიმუშავა, მოქმედი მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძე მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. 

პარტიის წევრებმა კანდიდატებისათვის მინიჭებული ქულები დღეს გააცნეს საზოგადოებას. სამ კომპონენტში როგორებიცაა: კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება, ზოგადი განათლება და ფასეულობები, თადუმაძემ და თავაძემ ორივე მსგავსი ქულები 2, 1 და 1 დააგროვეს. ევროპული საქართველოს შემუშავებული კრიტერიუმებით მოსამართლის მინიმლაურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს კიდევ ერთი კანდიდატი ვლადიმერ კაკაბაძე. 

რაც შეეხება მაია ვაჩაძეს, პარტიის მეთოდოლოგიით, ის მოსამართლეობის სტანდარტს აკმაყოფილებს, თუმცა არა უზენაესის წევრობის შესაბამისს. ერთადერთი, ვისაც ევროპული საქართელო მხარს დაუჭერს, უკვე მოსმენილი კანდიდატებიდან, თამარ ზამბახიძეა.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას წინასწარ აქვს მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატებისათვის მხარდაჭერის შესახებ და ამ კანდიდატების მხარდაჭერას ძალიან მძიმე შედეგი ექნება მართლმსაჯულებისათვის. 

"გამორჩეული კანდიდატი იყო ვლადიმერ კაკაბაძე, რომელმაც მინიმალური შეფასებები მიიღო და ევროპული საქართველოს გუნდი ერთსულოვანი იყო მის შეფასებებში. ეს არის კანდიდატი, რომელმაც სამართლებრივად აბსურდული გადაწყვეტილება გამოიტანა უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ და ვერ დაასაბუთა აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსი, არ ესმის რა არის გამოხატვის თავისუფლება და ვერ გასცა პასუხი ელემენტარულ კითხვებსაც კი და და ამიტომ, მან მიიღო მინიმალური შეფასებები," - ამბობს კახიძე.

"თუ შევხედავთ ქართული ოცნების წევრების რეაქციებს, როგორ იცავენ ისინი მაგალითად თადუმაძეს, რომლის დიპლომის სიყალბის საკითხის გარკვევის ნაცვლად, აპრიორი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი წესრიგშია, ცხადია, რომ ამ ღია პროცესის მიღმა, უკვე კარგად იკითხება, უმრავლესობას აქვს წინასწარ მიღებული ან ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რაც ძალიან მძიმე იქნება უზენაესი სასამართლოსთვის და ზოგადად მართლმსაჯულებისთვის," - ამბობს ირაკლი აბესაძე. 

პარტიაში ამბობენ, რომ პროცესში მათი მონაწილეობის მთავარი აზრი არის საზოგადოებას დაანახონ, თუ საით მიჰყავს ქართულ ოცნებას ქვეყანა მართლმსაჯულების მიმართულებით და რა მძიმე იქნება ის პოლიტიკური ფასი, რასაც ისინი გადაიხდიან.

ევროპული საქართველო კანდიდატებს 10 ქულიანი სისტემით სამი კრიტერიუმის საფუძველზე აფასებს. ესენია კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები. (1-3 ქულა - ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს; 4-6 ქულა - აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს; 7-10 ქულა - აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს.)

ამასთანავე, ევროპული საქართველოს შეფასების სისტემით მოსამართლეობის კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს აკმაყოფილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზემოთ აღნიშნულ თითოეულ კრიტერიუმში დააგროვებს 7-10 ქულას.

შეფასებისას გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინებისათვის დართული მასალები, "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" მიერ წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა ინდივიდუალური პორტფოლიოები და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში კანდიდატების საჯარო მოსმენები.

შემფასებლები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ოთარ კახიძე, გიგა ბოკერია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, გიორგი კანდელაკი, ხათუნა გოგორიშვილი, სერგი კაპანაძე.

ევროპულმა საქართველომ წინა 5 კანდიდატის ქულებიც გამოაქვეყნა და მათი კრიტერიუმების მიხედვით, მოსამართლეობის მინისმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ კანდიდატები: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე და მამუკა ვასაძე. რაც შეეხება შოთა გეწაძეს, ის აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. პარლამენტი სულ 20 კანდიდატს მოუსმენს.

კომენტარები