გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

მიქაუტაძე: მე ვფიქრობ, რომ საქართველში არაფორმალური მმართველობის ნიშნები არ არის

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

"ვფიქრობ, რომ საქართველში არაფორმალური მმართველობის ნიშნები არ არის", - ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლობის თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ რომან გოცირიძის კითხვას, არის თუ არა საქართველოში არაფორმალური მმართველობის ნიშნები. 

მან ასევე თქვა, რომ არაფორმალური მმართველობა ნიშნავს გადაწყვეტილებების უფლებამოსილების გადამეტებით მიღებას. 

რომან გოცირიძე: [პრემიერის პოსტზე] ბახტაძე ვინ დანიშნა და ვინ გაათავისუფლა? მისი წინამორბედი კვირიკაშვილი ვინ დანიშნა და ვინ გაათავისუფლა? ირაკლი ღარიბაშვილი ვინ დანიშნა და ვინ გაათავისუფლა? ვინ ნიშნავს საქართველოს მთავრობას და მის მეთაურს საქართველოს კონსტიტუციით? 

გიორგი მიქაუტაძე: წარმოადგენს პოლიტიკური ძალა, ვინც გაიმარჯვა არჩევნებში ასეთია, ხომ ახალი კონსტიტუციის ჩანაწერი და შემდეგ ნდობას უცხადებს საქართველოს პარლამენტი. ასეთი მოწესრიგებაა. 

რომან გოცირიძე: ეს ასე ხდება დღეს პრაქტიკაში? 

გიორგი მიქაუტაძე: დიახ. 

რომან გოცირიძე: ერთი თვის წინ მამუკა ბახტაძე ვინ მოხსნა თანამდებობიდან?

გიორგი მიქაუტაძე: როგორც მახსოვს, მან ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მე ამით ვხელმძღვანელობ და სხვა შეფასების გაკეთების საფუძველი არ მაქვს. 

რომან გოცირიძე: რას ნიშნავს თქვენთვის ცნება "არაფორმალური მმართველობა" და არის თუ არა მისი ნიშნები საქართველოში?

გიორგი მიქაუტაძე: არაფორმალური მმართველობა ჩემთვის ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის უფლებამოსილი, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ანუ უფლებამოსილების გადამეტებით იღებს გადაწყვეტილებებს. 

რომან გოცირიძე: არის თუ არა საქართველოში არაფორმალური მმართველობის ნიშნები?

გიორგი მიქაუტაძე: მე ვფიქრობ, რომ არ არის. 

გიორგი მიქაუტაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ოპოზიცია ბრალს მოსამართლეთა კლანის წევრობაში სდებენ.

სწორედ მიქაუტაძემ დაასახელა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 10 კანდიდატი 2018 წლის 24 დეკემბერს, შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე. კანდიდატებს შორის, მიხეილ ჩინჩალაძესთან და დიმიტრი გვრიტიშვილთან ერთად თავადაც იყო. 

ასევე, პრეტენზიები არსებობდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ის იუსტიციის საბჭოს მდივანი იყო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატის დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდებოდა, რაც მას უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა. 

გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-12 კანდიდატია, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს. პარლამენტის წინაშე სულ 20 კანდიდატი წარდგება. ისინი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილისთვის იბრძვიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები