პროკურატურა ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მოზარდის ქმრისთვის 5 000-ლარიან გირაოს ითხოვს

მთავარი არხი

გორის რაიონული სასამართლო 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. პროკურატურა მიხეილ დვალიშვილისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე - მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.

კასპში ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ქმარს ბრალი დღეს წარიდგინეს. მას სსკ-ის 11 პრიმა 140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ეს გულისხმობს "სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში".

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 24 მაისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბავშვის დედა 16 წლისაა.

შსს-მ ჯერ კიდევ 2018 წელს იცოდა, რომ არასრულწლოვანი გოგო დედა გახდა, თუმცა მაშინ გამოძიება არ დაწყებულა. უწყებას გოგოს სახლიდან წასვლისა და მისი ახალი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა 2017 წელსაც, თუმცა გამოძიება არც მაშინ დაუწყია. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა 7 თვის ბავშვის მკვლელობის შესახებ, რაშიც ბრალი არასრულწლოვან დედას ედება, უწყებამ არასათანადო რეაგირებისათვის ერთ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუწყვიტა. შსს-ში ამბობენ, რომ გენერალური ინსპექცია დაადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურებრივ გულგრილობას და დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.

კასპში 7 თვის ჩვილის გაგუდვის ბრალდებით 16 წლის დედა 2019 წლის 22 მაისს დააკავეს. მას გორის რაიონულმა სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ, რადგან არასრულწლოვანია, სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კომენტარები