ე.წ მუქარის წერილი

ხაზარაძე: ჩემთვის, ომბუდსმენი გახარია და შს მინისტრი გახარია არის ცა და დედამიწა

TBC ბანკის დამფუძნებელმა და მოძრაობა "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ობუდსმენი გიორგი გახარია და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ცა და დედამიწას შეადარა.

"მე მასთან მქონდა 2 ან 3 შეხვედრა, როცა ის ობდუსმენი იყო და მინდა გითხრათ, რომ  ის გახარია, როცა იყო ომბუდსმენი და ეს გახარია, რომელიც გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩემთვის არის ცა და დედამიწა. ეტყობა, ბიზნესომბუდსმენობის დროს შეისწავლა რა ხდება ბიზნესში და შემდეგ სხვა გახარია გახდა",- თქვა მან გადაცემა "რეაქციაში".

მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძესა და ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. 

მოგვიანებით, ხაზარაძემ ეს წერილი გაასაჯაროვა. წერილის ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთერთი მათგანი კი, "რევანშის" ხსენებით საზოგადოებისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო. აღსანიშნავია, რომ ხაზარაძემ ასეთი განცხადება მეორე ტურის წინ მართლაც გამოაქვეყნა. 

მამუკა ხაზარაძემ 21 ოქტომბერს ადვოკატებთან ერთად პროკრატურაში ე.წ მუქარის წერილის დედანი მიიტანა. ხაზარაძის თქმით, წერილზე ლონდონში ჩატარებულმა ექსპერტიზამ 120-ზე მეტი ანაბეჭდი აღმოაჩინა. ახლა სწორედ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, წერილზე არსებული 120-ზე მეტი თითის ანაბეჭდიდან, რომელიმე ეკუთვნოდა თუ არა გიორგი გახარიას. წერილის პროკურატურაში მიტანის მეორე დღეს, საგამოძიებო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომ წარდგენილი მასალები დაულუქავი იყო.

მამუკა ხაზარაძის მიერ მუქარის წერილზე საუბარს წინ უძღოდა პროკურატურის მიერ TBC ბანკში შესვლა და ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოძიების დაწყება, რის შედეგადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადადგომა მოითხოვა. გამოძიების შედეგად TBC ბანკმა ლონდონის ბირჟაზე რამდენიმე მილიონი დოლარით იზარალა. 

კომენტარები