აშშ-საქართველო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა

0 კომენტარი
ფოტო: internedia

2019 წლის 22 ოქტომბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა. აქტი იმეორებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი, გმობს ოკუპაციას და ითვალისწინებს სანქციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის.

კანონში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში პროგრესი უნდა მოხდეს და აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.

კანონში აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას და კორუფციასთან ბრძოლას.

ამასთანავე აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს სწრაფვას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ.

აშშ გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, დაკავებებს, გატაცებებს და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აშშ რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და მხარს უჭერს კონფქლიტის მშვიდობიან გადაწყვეტას და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას.

კანონი ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევისათვის სანქციებსაც ითვალისწინებს. სანქციების შორისაა სავიზო შეზღუდვები და ანგარიშების დაბლოკვა.

საქართველოს მხარდამჭერს აქტში აღნიშნულია, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა და ევრო-ატლანტიკური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ISAF-ის მისიებში მონაწილეობს, ავღანეთში კი ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუტორია.

კონგრესი თანხმდება, რომ აშშ-მა საქართველოს დამხარება უნდა გაუზარდოს, როგორც ფინანსური, ასევე უსაფრთხოების კუთხით და გააუმჯობესოს საქართველოს თავდაცვის უნარი და საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ამ აქტით სახელმწიფო მდივანი და შესაბამისი დეპარტამენტები დაავალდებულა წარმოადგინონ ანგარიში საქართველოსათვის უსაფრთხოების კუთხით გაწეული დახმარების შესახებ, რომელიც მოიცავს 2008 წლიდან საქართველოსათვის გაწეულ დახმარებას, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის არსებული საფრთხეების შეფასებას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეფასებას და 5-წლიან სტრატეგიას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე.

მათ შორის საუბარია კიბერ-უსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობაზეც. კანონის მიხედვით აშშ საქართველოს კიბერ-უსაფრთხოების გაუმჯობესებაში უნდა დაეხმაროს, რათა ქვეყანამ შეძლოს სამთავრობო ქსელების და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის თავდასხმისაგან დაცვა და შემცირდეს საქართველოს დამოკიდებულება საინფორმაციო და კომუნიკაციების რუსულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება.

აქტი ყურადღებას უთმობს რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. მასში ნათქვამია, რომ აშშ საქართველოს რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში უნდა დაეხმაროს, რომლის მიზანია საძირკველი შეურყიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მედიის თავისუფლებას. ამისათვის კონგრესი ითხოვს საქართველოს მედია პლატფორმებისადმი მიმართული რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის  და ამასთან საქართველოს ბრძოლის საშუალებების შეფასებას და აშშ-ის დეპარტამენტების და სააგენტოების თანამშრომლობას მსგავს მცდელობებთან საქართველოს ბრძოლისუნარიანობის გასაზრდელად.
 
მხარდამჭერი აქტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს. კანონპროექტს 31-მდე თანასპონსორი ჰყავდა, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიებიდან.

აქტის დამტკიცებამდე, კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა ერთხმად მიიღეს.  
 
საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება. სენატის შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე დამტკიცების შემდეგ, იგი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში ძალაში შევა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები