საიმპიჩმენტო გამოძიება დონალდ ტრამპის მიმართ

უკრაინაში აშშ-ის დესპანის თქმით, ტრამპის ქმედებები უკრაინასთან ურთიერთობებს ძირს უთხრიდა

ბილ ტეილორი
BBC

უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ბილ ტეილორმა საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში კონგრესში ჩვენება მისცა, რომელშიც თქვა, რომ პრეზიდენტმა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევა საკუთარი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ გამოძიებაზე გახადა დამოკიდებული.

ტეილორმა თქვა, რომ ეს ქმედება უკრაინასთან ურთიერთობებს ძირს უთხრიდა.

"არაფორმალური არხები, რომლებსაც ჯულიანი ხელმძღვანელობდა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სამხედრო დახმარების შეჩერება შიდა პოლიტიკური მიზნებით ფუნდამენტურად ძირს უთხრიდა უკრაინასთან ჩვენს ურთიერთობებს." თქვა ტეილორმა მედიასთან. მისივე თქმით აშკარა იყო, რომ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა გამოძიების დაწყებაზე იყო დამოკიდებული.

"მე 9 სექტემბერს ელჩ გორდონ სონდლანდისთვის მიწერილ მესიჯში ვთქვი, რომ სამხედრო დამხარების შეჩერება შიდა პოლიტიკურ კამპანიაში დახმარების სანაცვლოდ სიგიჟე იქნებოდა. მე ეს მჯეროდა მაშინაც და მჯერა ახლაც." თქვა მან.

ტეილორი უკრაინაში აშშ-ის დესპანად ივნისში დაინიშნა.

ტეილორის ჩვენებაზე კომენტარი გააკეთეს თეთრ სახლში. პრესმდივანმა თქვა, რომ ტრამპს დანაშაული არ ჩაუდენია და ეს ულტრა-მემარცხენე კანონმდებლების შეთქმულების ნაწილია, რომლის მიზანსაც პრეზიდენტის ტალახში ამოსვრა და კონსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება ოფიციალურად 24 სექტებერს გამოაცხადა.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

სკანდალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მალევე ტრამპმა თავად გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი. როგორც ტრანსკიპტიდან ირკვევა, ის ზელენსკის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. ტრამპი ირწმუნება, რომ ამაში უკანონო არაფერი ყოფილა.

თუმცა, ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაწერა ანონიმური მხილება, რომელშიც ის სწორედ ამ სატელეფონო საუბარზე და თეთრი სახლის თანამშრომლების მიერ მისი დამალვის მცდელობაზე საუბრობს.

მიუხედავად ტრამპის მხრიდან კატეგორიული უარყოფისა, ფაქტი, რომ მან საუბრამდე მცირე ხნით ადრე უკრაინისათვის სამხედრო დამხარების შეჩერება ითხოვა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ თემის წამოწევის შემდეგ საუბარი ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებაზე გადაიტანა, ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს შანტაჟის მტკიცებულებად მიაჩნიათ.

ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიებაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები