უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

პაატა სილაგაძე: მურუსიძე კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლე და ადამიანია

"კვალიფიციური და კეთილსინდისიერი",-ასე ახასიათებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, პაატა სილაგაძე სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს.  

ასევე, სილაგაძემ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის, ხათუნა გოგორიშვილის კითხვას, არის თუ არა მურუსიძე სასამართლოს ლიდერი, უპასუხა, რომ ის ლიდერია, რადგან მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარეა.

ხათუნა გოგორიშვილი: 2018 წლის 27 დეკემბერს სერგო მეთოფიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის შინაარსი შემდეგია: "ვულოცავ ლევან მურუსიძეს, ვულოცავ სასამართლო სისტემას. ლევანი არის ადამიანი, რომელიც სასამართლო სისტემაში სარგებლობს უდიდესი ავტორიტეტით. კეთილსინდისიერი და ღირსეული პიროვნება, უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლე, ბევრ წარმატებას ვუსურვებ მას." ბატონი მეთოფიშვილის ეს პოსტი მოწონებული გაქვთ. აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ ეთანხმებით აქ რაც წერია ბატონ მურუსიძესთან დაკავშირებით, რომ ის არის კეთილსინდისიერი, სასამართლოს სისტემის ბურჯი? 

პაატა სილაგაძე: ლევანი არის ჩემი კოლეგა. მასთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობ სასამართლო სისტემაში და ჩემი გადასახედიდან ის არის დადებითი ადამიანი, როგორც კვალიფიციური იურისტი და როგორც კეთილსინდისიერი ადამიანი.  

ხათუნა გოგორიშვილი: ადამიანი არა, როგორც მოსამართლე შემიფასეთ. ის არის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლე?  

პაატა სილაგაძე: დიახ, მოსამართლეც და ადამიანიც 

ხათუნა გოგორიშვილი: არის თუ არა ის სასამართლოს ლიდერი? 

პაატა სილაგაძე: ის არის მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ამას თუ გულისხმობთ, ლიდერი არის.  

ლევან მურუსიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ოპოზიცია ბრალს მოსამართლეთა კლანის წევრობაში სდებენ.  

ლევან მურუსუძეს, რომელსაც საზოგადოება რამდენიმე საქმის მიკერძოებულად განხილვაში ედავება, მათ შორის არის სანდრო გირგვლიანის, გიორგი მიქიაშვილის და სხვა საქმეები, მოსამართლეთა ლიდერად საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა დაასახელა. 

ასევე, თავად მურუსიძემაც თქვა, რომ ის ლიდერია. 

პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-13 კანდიდატია, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს. პარლამენტის წინაშე სულ 20 კანდიდატი წარდგება. ისინი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილისთვის იბრძვიან. 

კომენტარები