"ალბათ ღმერთი მწყალობს," - მოსამართლეობის კანდიდატი პასუხობს კითხვას, როგორ მოხვდა სიაში

"წყალობით ალბათ ღმერთი მწყალობს" - უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე პასუხობს რომან გოცირიძის შეკითხვას, თუ როგორ მოხვდა კანდიდატების პირველ 10 კაციან სიაში და როგორ დარჩა იმ სიიდან დარჩენილ ხუთეულშიც.

გოცირიძე: თქვენ იყავით იმ 10 კაციან სიაში, რომელმაც გამოიწვია საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლა. მოჰყვა სერიოზული პროტესტი. მივიღეთ ეს პროცესი, რომელსაც ახლა ვხედავთ, მაგრამ მივიღეთ იმ შესანიშნავი ათეული წყალობით. მას შემდეგ 5 ჩახსნეს და 5 დარჩა და თქვენ ხართ ამ დარჩენილი ხუთეულის წევრი. ამ 20 კაციან სიაშიც აღმოჩნდით. როგორც ფიქრობთ, როგორ, რა ნიშნით მოხვდით იმ 10 კაციან და შემდეგ 5 კაციან სიაშიც? რა გწყალობთ ასე?

სილაგაძე: წყალობით, ალბათ, ღმერთი მწყალობს

გოცირიძე: რომელი ღმერთი?

სილაგაძე: ქრისტე ღმერთი

სილაგაძე: 10 კაციან სიაში მოვხვდი ალბათ იმიტომ, რომ მანამდე კონკურსში ვმონაწილეობდი. შესაბამისად კენჭისყრის დასრულებამდე, იუსტიციის საბჭოს მიეცა უფლებამოსილება და საბჭოს მდივანმა დამირეკა, რომ ვფიქრობთ მოვახდინოთ თქვენი ნომინირება საწინააღმდეგო ხომ არ გექნებათო. მეც დავეთანხმე”

პაატა სილაგაძე სააპელაციო  სასამართლოს უვადო მოსამართლეა და მას უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს. 

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. 

პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-13 კანდიდატია, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს. პარლამენტის წინაშე სულ 20 კანდიდატი წარდგება. ისინი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილისთვის იბრძვიან.

კომენტარები