ე.წ მუქარის წერილი

ხაზარაძე ე.წ მუქარის წერილზე: ასეთი ქმედება ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ ხდება ამ ქვეყანაში

ტვ. პირველი

TBC ბანკის დამფუძნებელი და პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოთქვამს ეჭვს, რომ ე.წ მუქარის წერილის უკან, რომელიც მისი თქმით, მან პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი იდგეს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ვამბობ, არ ვარღვევ პრეზუმფციას, ეჭვს გამოვთქვამ, რომ ასეთი ქმედება ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ ხდება ამ ქვეყანაში. შესაბამისად, მე იმას კი არ ვამბობ, რომ გინდა, თუ არა, გახარიამ დაწერა ან გახარიამ დაბეჭდა. გახარიამ რომ გადმოგვცა, ამას გიდასტურებთ და ამას დაგიმტკიცებთ ფაქტებით," - თქვა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას. 

კითხვაზე, მიიჩნევს, თუ არა, რომ ე.წ მუქარის წერილი მისდამი ბიძინა ივანიშვილის გზავნილი იყო, ხაზარაძე ამბობს, რომ არ იცის, ეს რა ფორმით მოხდა. 

"მე არ ვიცი მის კაბინეტში, მისი კარნახით მოხდა, ერთად მოიფიქრეს, თუ რაღაც. გახარია არ არის ის ფიგურა ჩემთვის, რომ ასე ხელაღებით თქვას "ტვ პირველი გააჩერეთ", "არტარეა გააჩერეთ", "თუ ამას არ იზამთ...", მინიმუმ, შეთანხმებული ექნებოდა ან მინიმუმ ვიღაცას ნაკარნახევი ექნებოდა, რომ გააკეთე. ან ვიღაცის დაწერილია ეს და გახარიას უთხრეს, რომ მიდი, შენ გადაეცი,"- ამბობს ხაზარაძე. 

მამუკა ხაზარაძე გადაცემაში ასევე გამოეხმაურა პროკურატურის მიერ 22 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ეწერა, რომ ე.წ მუქარის წერილის დედანი "თვეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში პირთა განუსაზღვრები წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი" და რომ წერილის დედანი "დაულუქავი იყო".

ხაზარაძის თქმით, პროკურატურის ეს განცხადება აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ხელში აქვთ მტკიცებულება, წერილის დედანი, რასაც გამოძიება ითხოვდა. 

"შესაბამისად, მე ველოდები საქმის აღძვრას დაუყონებლივ ამ მუქარის წერილზე, რომელიც მოდიოდა მაღალჩინოსნისგან და ვერანაირი შუალედური ახსნა-განმარტებები ვერ იქნება მიღებული. 

რას ნიშნავს, მოიარა ქვეყნები? პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ ანაბეჭდების აღება ამ წერილზე ჩვენი ინიციატივა იყო, რომ დედანი გამაგრებულიყო, მეტი არაფერი იმიტომ, რომ მათ არც ჰქონდათ ამის მოთხოვნა. ფაქტია, რომ მარტში, როდესაც მე ვიყავი დაბარებული დაკითხვაზე ამ წერილთან დაკავშირებით, მათ საქმეც კი არ გამოყვეს, არათუ აღძრეს. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების ლუსტრაცია," - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში ხაზარაძესა და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. 

მოგვიანებით ხაზარაძემ წერილის შინაარსი გაასაჯაროვა. მუქარის წერილის ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთერთი მათგანი კი, "რევანშის" ხსენებით საზოგადოებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო. ხაზარაძემ მეორე ტურის წინ ასეთი წერილი მართლაც გამოაქვეყნა. 

ამ განცხადების საფუძველზე ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში დაკითხეს. დაკითხვიდან გამოსულმა ბიზნესმენმა თქვა, რომ სასამართლოში წერილის ასლი მიიტანა, ორიგინალი კი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. სწორედ ამ გაცხადებული მიზეზით, რომელიც წერილის დედანის არარსებობას ეხებოდა, პროკურატურამ "ფარატინა ფურცელზე" გამოძიება არ დაიწყო. 

ხაზარაძის მიერ მუქარის წერილზე საუბარს წინ უძღოდა პროკურატურის მიერ TBC ბანკში შესვლა და ხაზარაძისა და მისი პარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის, მიმართ გამოძიების დაწყება, რის შედეგადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადადგომა მოითხოვა. გამოძიების შედეგად TBC ბანკმა ლონდონის ბირჟაზე რამდენიმე მილიონი დოლარით იზარალა. 

ლონდონის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი, წერილი საქართველოში დაბრუნდა და 21 ოქტომბერს მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ, ის პროკურატურაში მიიტანა. ადვოკატის თქმით, უშუალოდ წერილზე 17 ანაბეჭდია აღმოჩენილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებელ ბრიტანულ საექპერტო ბიუროს საქართველოს მოქალაქეების თითის ანაბეჭდების ბაზაზე წვდომა არ აქვს, მათ ვერ შეძლეს დამატებითი ინფორმაციის მოძიება წერილზე, მათ შორის იმის, თუ სულ რამდენი ადამიანის თითის ანაბეჭდია ე.წ მუქარის წერილზე. 

წერილის დედანის პროკურატურაში მიტანას თავად უწყება განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ "მუქარის წერილის დედანი" "თვეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში პირთა განუსაზღვრები წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი", რაც მათი თქმით, მდგომარეობას ართულებს და რომ წერილის დედანი "დაულუქავი იყო".

კომენტარები