ე.წ მუქარის წერილი

ხაზარაძე პროკურატურაზე: წერილის დედანი აქვთ, რასაც ითხოვდნენ, ველოდები საქმის აღძვრას

ტვ. პირველი

TBC ბანკის დამფუძნებელი და მოძრაობა "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ე.წ მუქარის წერილის დედანთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ წერილი "დაულუქავი იყო" და რომ ის "თვეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში პირთა განუსაზღვრები წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი"

ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურის ეს განცხადება ბუნდოვანი იყო გამომდინარე იქიდან, რომ მათ ხელში აქვთ ის მტკიცებულება, რასაც ისინი ითხოვდნენ საქმეზე გამოძიების დასაწყებად. 

"მე ველოდები საქმის აღძვრას დაუყონებლივ ამ მუქარის წერილზე, რომელიც მოდიოდა მაღალჩინოსნისგან და ვერანაირი შუალედური ახსნა-განმარტებები ვერ იქნება მიღებული. 

რას ნიშნავს, მოიარა ქვეყნები? პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ ანაბეჭდების აღება ამ წერილზე ჩვენი ინიციატივა იყო, რომ დედანი გამაგრებულიყო. მათ არც ჰქონდათ ამის მოთხოვნა. ფაქტია, რომ მარტში, როდესაც მე ვიყავი დაბარებული დაკითხვაზე ამ წერილთან დაკავშირებით, მათ საქმეც კი არ გამოყვეს, არათუ აღძრეს. ეს არის ლუსტრაცია სამართალდამცავი ორგანოების,"- თქვა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში". 

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში ხაზარაძესა და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. 

მოგვიანებით ხაზარაძემ წერილის შინაარსი გაასაჯაროვა. მუქარის წერილის ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთერთი მათგანი კი, "რევანშის" ხსენებით საზოგადოებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო. ხაზარაძემ მეორე ტურის წინ ასეთი წერილი მართლაც გამოაქვეყნა. 

ამ განცხადების საფუძველზე ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში დაკითხეს. დაკითხვიდან გამოსულმა ბიზნესმენმა თქვა, რომ სასამართლოში წერილის ასლი მიიტანა, ორიგინალი კი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. სწორედ ამ გაცხადებული მიზეზით, რომელიც წერილის დედანის არარსებობას ეხებოდა, პროკურატურამ "ფარატინა ფურცელზე" გამოძიება არ დაიწყო. 

ხაზარაძის მიერ მუქარის წერილზე საუბარს წინ უძღოდა პროკურატურის მიერ TBC ბანკში შესვლა და ხაზარაძისა და მისი პარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის, მიმართ გამოძიების დაწყება, რის შედეგადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადადგომა მოითხოვა. გამოძიების შედეგად TBC ბანკმა ლონდონის ბირჟაზე რამდენიმე მილიონი დოლარით იზარალა. 

ლონდონის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი, წერილი საქართველოში დაბრუნდა და 21 ოქტომბერს მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ, ის პროკურატურაში მიიტანა. ადვოკატის თქმით, უშუალოდ წერილზე 17 ანაბეჭდია აღმოჩენილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებელ ბრიტანულ საექპერტო ბიუროს საქართველოს მოქალაქეების თითის ანაბეჭდების ბაზაზე წვდომა არ აქვს, მათ ვერ შეძლეს დამატებითი ინფორმაციის მოძიება წერილზე, მათ შორის იმის, თუ სულ რამდენი ადამიანის თითის ანაბეჭდია ე.წ მუქარის წერილზე. 

წერილის დედანის პროკურატურაში მიტანას თავად უწყება განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ "მუქარის წერილის დედანი თვეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში პირთა განუსაზღვრები წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი", რაც მათი თქმით, მდგომარეობას ართულებს და რომ წერილის დედანი "დაულუქავი იყო".

კომენტარები