პროგრესბანკი

ლელო პროგრესბანკზე გამოძიებას და ერ. ბანკის არქივებიდან ტრანზაქციების ამოღებას ითხოვს

მამუკა ხაზარაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება იმაზე, თუ რატომ ვერ შემოწმდება პროგრეს ბანკის აქტივები.

"სასწრაფოდ მოვითხოვთ პროგრეს ბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას," - აღნიშნულია ლელოს განცხადებაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ თქვა, რომ პროგრეს ბანკი აღარ არსებობს, ამიტომ ვერ შემოწმდება. ასევე მან განმარტა, რომ ეროვნული ბანკი არ ფლობს ინფორმაციას ყველა ტრანზაქციის შესახებ და რომ ეროვნული ბანკის საქმე არ არის დანაშაულების გამოძიება.

"ჩვენ მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ პროგრესბანკი არის გაუქმებული და მისი დოკუმენტების შემოწმება შეუძლებელია, ეს მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და პროკურატურასთან ერთად თიბისი ბანკის არათუ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის, არამედ მთელი 12 წლის საქმიანობის დეტალურ შემოწმებას ატარებს,"- აცხადებენ ლელოში.

ლელოში თვლიან, რომ ეს განცხადებები აშკარად ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი.

პროგრეს ბანკის შეძენის გარემოებებზე, რომელშიც ივანიშვილი მონაწილეობდა, ასევე შეძენამდე ბანკში პრობლემური აქტივებისა და ტრანზაქციების შესახებ, რომელიც ფულის გათეთრების ეჭვებს აჩენდა, ხაზარაძემ მედიასთან დაახლოებით ერთი კვირის წინ ისაუბრა. წაიკითხეთ ვრცლად.

---

TBC ბანკსა და სოსიეტე ჟენერალს შორის გარიგება 2016 წლის სექტემბერში დაიხურა. თიბისიმ რესპუბლიკა ბანკის 93%-იანი წილი შეიძინა, ამავე გარიგების ფარგლებში მოხდა პროგრეს ბანკის აქტივების შესყიდვაც. სულ გარიგება 315 მილიონ ლარად შეფასდა.

ეროვნულმა ბანკმა კი პროგრეს ბანკს საქმიანობის ლიცენზია ამავე წლის ოქტომბერში გაუუქმა.

პროგრეს ბანკი 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა, პროგრეს ბანკის  22%-იან წილის ბიძინა ივანიშვილიც ფლობდა.

კალაძემ ხაზარაძის განცხადებას სამარცხვინო უწოდა.

 

 

კომენტარები