2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

რატომ არის რევანშზე უარის თქმა ნამდვილი სისტემური ცვლილება

ამ ზაფხულს, როდესაც ბევრს გვეგონა, რომ შემოდგომამდე ქვეყანამ ხანმოკლე პოლიტიკური მიძინების ფაზაში შეაბიჯა, სამოქალაქო პროტესტმა მოულოდნელად იფეთქა. ზაფხულის მთავარმა მონაპოვარმა, პროპროციულმა საარჩევნო სისტემამ, პოლიტიკური პროცესები ახალ კალაპოტში გადაიყვანა და ქვეყანას ნამდვილი ცვლილებების შანსი მისცა. პოლიტიკურმა ოპოზიციამ ამის მისაღწევად მინიმუმ ორი ტესტი უნდა ჩააბაროს. ხელისუფლების შესაცვლელად და საამისოდ ეროვნული თანხმობის მისაღწევად, ივანიშვილის დამარცხების სურვილი საკმარისი არაა. აუცილებელია მრავალფეროვანი  და მწვავე დისკუსია იმაზე, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ქვეყანა 2020 წლის შემდეგ. და, რაც მთავარია, შეთანხმება იმაზე, რომ პოლიტიკური რევანში დაუშვებელია.

რას ცვლის პროპორციული არჩევნები?

პროპორციული არჩევნები ზაფხულში, ერთი შეხედვით, მოულოდნელად მოხვდა ანტი-საოკუპაციო საპროტესტო მოძრაობის ძირითად მოთხოვნებს შორის. საარჩევნო სისტემების ტიპების განხილვა ბევრ ადამიანს არასოდეს იზიდავდა. საკითხი დიდწილად ტექნიკურია და ჭირს აღქმა, რატომაა მნიშვნელოვანი სხვადასხვა სისტემის სიკეთეებსა და ნაკლოვანებებზე საუბარი. თუმცა, მხოლოდ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ნახვაა საკმარისი, რომ მისი მნიშვნელობა ცხადზე ცხადი გახდეს. ქართულმა ოცნებამ ხმების 50%-ზე ნაკლები მოიპოვა, მაგრამ არჩევნების მაჟორიტარული კომპონენტის დახმარებით საკონსტიტუციო უმრავლესობა და პრაქტიკულად უკონტროლო ძალაუფლება ჩაიგდო ხელში.

გარდა ამისა, პოლიტიკოსებმა და მედიამ წლების განმავლობაში აუდიტორიას დაამახსოვრეს, რომ დემოკრატიისთვის ეს ცვლილება მნიშვნელოვანია. იმ კარგმა მოქალაქეებმაც, ვინც ცხელი ზაფხული პარლამენტთან გაატარეს, ეს მოთხოვნა პროტესტის დაწყებიდან დაუყოვნებლივ გაითავისეს. მიზეზი რთული ასახსნელი არაა. ამ სისტემაში ცვლილების მიღწევა ხდება შესაძლებელი - ქართული პოლიტიკის იმ დიქოტომიის დარღვევა,რომელშიც ერთმა ან მეორე ძლიერმა ცენტრმა შეიძლება, ჩაიგდოს ხელში უკონტროლო ძალაუფლება - მორიგ ჯერზე.

პროპორციული არჩევნები, ერთდროულად, შესაძლებლობაცაა და რისკის შემცველიც. რისკი შესაძლო კოალიციური მმართველობის ნაკლები ეფექტიანობა იყოს, რაც პოლიტიკურ პროცესში გადაწყვეტილებების სწრაფად ვერმიღების შედეგი იქნება. კონსენსუსის მიღწევა ქართული პოლიტიკური კლასის არც საუკეთესო მხარეა და არც გამოცდილების ნაწილია. თუმცა, საქართველო არაორდინარულ ვითარებაშია. ქვეყანა მოჯადოებულ წრეს, რომელიც აუცილებლად ძალაუფლების კონსოლიდაციით, პოლიტიზირებული პროკურატურით, მედიისა და სასამართლოს კონტროლით სრულდება, თავს ვერ აღწევს. კონსენსუსზე და ურთიერთკონტროლზე დაფუძნებული სისტემის შემოტანამ, ეს, შესაძლოა, გადატეხოს.

ამიტომაა 2020 წლის არჩევნები საკვანძო მნიშვნელობის. გარდა იმისა, რომ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, კიდევ ერთი ხელისუფლება ამჯერად უკვე მეორედ გაუშვან მშვიდობიანად სახლში, საქართველო მისი პოლიტიკური ცხოვრების ახალ ეტაპზეც გადავა. უკვე ნაცადი პრე-საარჩევნო კოალიციები ნაკლებად მოსალოდნელია. პარტიებს უკვე პარლამენტში მოუწევთ ერთმანეთთან საერთოდ პოვნა. თუ პროპორციული არჩევნები პოლიტიკურ კრიზისსა და განმეორებით არჩევნებს გამოიწვევს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუქმნის მისთვის კომფორტულ გარემოს. 

პროპორციული საარჩევნო სისტემა შესაძლებლობაა ყველასთვის - პირველ რიგში, მოქალაქეებისთვის, მათ შორის იმ მოქალაქეებისთვის, ვინც არჩევნებში მონაწილეობაში აზრს ვერ ხედავდა, რადგან მათი ხმა და შესაბამისად წარმომადგენლობა იფანტებოდა. ასევე შესაძლებლობაა პოლიტიკოსების უფრო ფართო ჯგუფისთვის, მათ შორის, ახალი ადამიანებისთვის, ვინც დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდნენ, ჰქონდეთ წარმომადგენლობა ხელისუფლებაში. სწორედ ესაა პოლიტიკური კლასის გამოწვევა საიმისოდ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს - ისეთი მრავალფეროვნება შესთავაზონ ამომრჩეველს, რომ სახლში არავის მოუნდეს დარჩენა. პროპორციული არჩევნები შესაძლებლობაა ასევე მთელი ქვეყნისთვის, რომ ნამდვილ სისტემურ ცვლილებას მივაღწიოთ.


როგორ შეიძლება ნამდვილი სისტემური ცვლილების მიღწევა? 

► უარი კოალიციაზე ივანიშვილს და კონკურენცია ოპოზიციის შიგნით

ქართული ოცნება ხელისუფლებაში უამრავი პოპულისტური დაპირებით და ე.წ. სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა. 2011 წელს ოპოზიცია ძლიერი და მდიდარი ცენტრის, ივანიშვილის გარშემო, ერთი ძალის - ენმ-ის - წინააღმდეგ გაერთიანდა. ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა ხმა სწორედ ენმ-ს წინააღმდეგ მისცა დიდ პოლიტიკურ ამორფულ  მასას, კოალიციას სახელით “ქართული ოცნება”. 

წინასაარჩევნო პროცესი პოპულიზმის არნახული ხარისხით გამოირჩეოდა - დაწყებული კარტოფილის ელიტური თესლის და სოლარიუმების დაპირებით, დამთავრებული თითოეული სოფლისთვის მილიონების გადაცემის, ან მოსახლეობისთვის ტარიფების განახევრებით. მთელი ოპოზიციური სპექტრი მოსახლეობას ურცხვად ატყუებდა, რასაც ნაწილი დღემდე გამართლებულად მიიჩნევს, რადგან სწამთ (ან ამბობენ, რომ სწამთ), რომ ბოროტება დაამარცხეს. მილიარდერი ოლიგარქის წინასაარჩევნო ტაქტიკა არავის გაუკრიტიკებია, ან გაუპროტესტებია. ასე რომც მომხდარიყო, ეს საჯაროდ არ გამოსულა. ოპოზიციამ შიდა დისკუსია მოკლა და ენმ უბრალოდ მტრად გამოაცხადა. ივანიშვილის ფაქტორმა და ამ ერთიანობამ ელექტორალურად გაამართლა, თუმცა ქვეყანას წინსვლის ნაცვლად, უკანდახევა მოუტანა.

მმართველობის 7 წლის თავზე ქართული ოცნების მონაგარი ასე გამოიყურება: გაღარიბებული მოსახლეობა, რუსეთზე ეკონომიკურად  და ნაწილობრივ პოლიტიკურად მიბმული ქვეყანა, ზეწოლა მედიაზე და ბიზნესზე, პოლიტიზირებული პროკურატურა და ნოტარიუსად ქცეული სასამართლო, “სამარლიანობის აღდგენა” კი, ტრადიციულად, შერჩევით პოლიტიკურ დევნად იქცა. მეტიც, ამ ჩამონათვალში ქართული ოცნების ზოგიერთი ლიდერი, მხოლოდ ე.წ. კოაბიტაციას ნანობს - ოპოზიცია რომ ბოლომდე არ/ვერ გააცამტვერა. ამის გამოსწორებას ახლა აპირებენ, პრემიერი გახარიაც პარლამენტში ოპოზიციას განადგურებით დაემუქრა.

2012 წლის გამოცდილება მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისთვის გაკვეთილი უნდა იყოს. ასევე - ამომრჩევლისთვისაც.  ნამდვილ ცვლილებას ხელისუფლებების გადარჩევა არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ პასუხისმგებლიანად - რეალისტური მიზნების მისაღწევად მოიტანს.

ამას, ბუნებრივია, ოპოზიციის შიგნით დისკუსია და პროგრამული მრავალფეროვნება სჭირდება. ოპოზიციას სჭირდება ერთიანობა იმ სულისკვეთებაში, რომ ივანიშვილს ხელისუფლებას არავინ შეუკრავს. ამავდროულად კი სჭირდება ურთიერთკონკურენცია და ჯანსაღი დისკუსია (ზოგისთვის არაკომფორტული) საიმისოდ, რომ ამომრჩეველმა პოლიტიკურ ძალებს შორის განსხვავება დაინახონ. ის რაც კინკლაობად ითარგმნება, პოლიტიკური დემოკრატიული პროცესის ჯანსაღი ნაწილია - ის გაიმარჯვებს, ვინც უფრო დამაჯერებელი იქნება. დისკუსიას არაჯანსაღს ის იარლიყები ხდის, რომ საგნობრივი მსჯელობა ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა, ხოლო რომლიმე ოპოზიციური ძალის უპასუხისმგებლო ქმედებების გაკრიტიკება, ოპოზიციური ერთიანობის დარღვევაა.

მთავარი დისკუსია უნდა იყოს თემაზე, როგორ და საით უნდა განვითარდეს ქვეყანა 2020 წლის შემდგომ. ეროვნული თანხმობის მიღწევა კი იმაზე შეთანხმებით უნდა დაიწყოს, რომ მომდევნო ხელისუფლებები პოლიტიკურ რევანშზე უარს იტყვიან.

უარი რევანშს 

ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციაში ახლა უჩვეულო ვითარებაა. ვარდების რევოლუციამ პოლიტიკაში მყოფ თაობებს შორის კავშირი გაწყვიტა, რაც კორუმპირებულ ქვეყანაში ბუნებრივი შედეგი იყო. ხელისუფლებაში მოსულ ძალას ვერავინ აბალანსებდა და ვერც კონკურენციას უწევდა. ახლა პოლიტიკური კლასი უფრო მრავალფეროვანიცაა და უფრო გამოცდილიც.

2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებამ და შემდეგ, დევნის მიუხედავად, ოპოზიციის გადარჩენამ 2003 წლის თაობაც დატოვა პოლიტიკაში და კარი გაუღო სხვებსაც. 2020 წელს, წესით, პოლიტიკური ველი, სავარაუდოდ,  უფრო ახალგაზრდა ადამიანებითაც განახლდება. პოლიტიკურ ოპოზიციას უკვე საკმარისი აქვს ნანახი და გამოცდილი, რომ ამაზე შეთანხმდნენ - ხელისუფლებიდან წასულების წინააღმდეგ რევანში დაუშვებელია, ხოლო ნამდვილი სისტემური ცვლილების ფუნდამენტი დამოუკიდებელ სასამართლოზე უნდა დაშენდეს.

რომელიმე პოლიტიკოსების დაპირება, ვინც უნდა იყოს,  რომ “კანონის უზენაესობის” პრინციპით იმოქმედებენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების გასამართლებისას, ფუჭია. საზოგადოებაში ამხელა ნდობა არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს. ნდობა მით უმეტეს არ აქვს არსებულ სასამართლო ხელისუფლებას, რომლის წარმომადგენლების ბოლომდე გაშიშვლებაც პარლამენტში წარმატებით ვიხილეთ.

ამ უნდობლობას პოლიტიკოსების და სასამართლო სისტემის მიმართ, ვერცერთი დაპირება ან უცხოელი მოსამართლეების მოწვევა ვერ გადაწონის. უმნიშვნელოვანესია შეთანხმება იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ პოლიტიკური კლიმატი უნდა გარდატყდეს და არავის უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ სასამართლოს მორიგ ჯერზე იყენებენ შერჩევითიად, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

ოპოზიციური სპექტის შეთანხმებას რევანშის დაუშვებლობაზე და შესაძლო ამნისტიაზე რამდენიმე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ეფექტი შეიძლება, ჰქონდეს:

♦ ჩამოანგრიოს ხელისუფლების ნარატივი, რომ პოლიტიკური ოპოზიციის გამარჯვება ქაოსამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის ქართული ოცნების ერთერთი მთავარი ხაზი სწორედ ეს იყო

♦ გაირღვევა მოჯადოებული წრე, სადაც მარცხი პოლიტიკური ძალების განადგურებასთან, ან ამის მცდელობასთან ასოცირდება

♦ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი სასამართლოს აშენების პრიორიტეტად ქცევა, ქვეყანას როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკის ზრდის მყარ საფუძველს შეუქმნის

რა სახით მოხდება ეს ან როგორი შეიძლება იყოს ამნისტია, ამაზე სამსჯელოდ ოპოზიციას მთელი წელი აქვს. იდეის ავტორებისთვის მნიშვნელოვანია, ახსნან, რომ რევანშზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ ყველას შერჩება დანაშაული. ინიციატივის ავტორებს ეს არც უგულისხმიათ, თუმცა ოპონენტები სწორედ ამაზე აპელირებენ. ამიტომ, საკითხზე დისკუსია უნდა გაგრძელდეს. 

ასევე, მნიშვნელოვანია სამართლიანად გაბრაზებული ამომრჩევლისთვის იმის ახსნა, რომ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მიღწევის პრიორიტეტად გამოცხადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის მიღწევდამდე კი ქვეყანას არ უღირს კიდევ ერთხელ გარისკოს იმ შთაბეჭდილების შექმნა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რომ ძალაუფლების კონსოლიდაციის მორიგ წრეზე წავიდა.

კომენტარები