სახელმწიფო ბიუჯეტი

ბიზნესის დასახმარებლად გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან ნული თეთრია ათვისებული

კოლაჟი ტაბულა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის ინფორმაციით, საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან ერთი თეთრიც კი არ არის ათვისებული.

ინფორმაციას ამის შესახებ კობერიძე ფეისბუკზე ავრცელებს. დეპუტატის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მან სადეპუტატო კითხვის ფორმატით მიმართა.  პარლამენტარმა იმ პროექტების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია, რომელსაც ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარი მოხმარდა. 

პასუხად კობერიძემ ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური წერილი მიიღო. წერილში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე არ არის გაცემული არც ერთი საკრედიტო გარანტია. ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ამბობს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია დაგეგმილი პროექტების თაობაზე, რომლის ფარგლებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ათვისება მოხდება. 

სამინისტროს განმარტებით, თანხების ნულოვან ათვისებას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის ის, რომ არ არსებობს სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული პროგრამა. სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს კერძო სექტორის პასიურობაზეც. უწყების ცნობით, დამდგარი შედეგის მიზეზი სხვა ფექტორებთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის პასიურობაა.  

საკრედიტო-საგარანტიო ფონდი დიმიტრი ქუმისშვილის ინიციატივით, მისი მინისტრობის პერიოდში შეიქმნა. ფონდი სააგენტო აწარმოე საქართველოს ფარგლებში ამოქმედდა. ამ სქემის მიხედვით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბანკში კრედიტის მისაღებად წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე თანხა უნდა დაეფარა, თუმცა 2019 წლის პირველ ათ თვეში ათვისება ნული ლარია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფონდი ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკური ზრდასა და საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას უნდა მოხმარებოდა.

 

კომენტარები