ორგანიზებული დანაშაული

რუსეთმა ესპანეთს ქართველი კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი გადასცა

RIA.RU

რუსეთმა ექსტრადიციის წესით ესპანეთს ქართველი კანონიერი ქურდი, ტარიელ ონიანი გადასცა. ონიანი ინტერპოლის ხაზით რამდენიმე წლის განმავლობაში იძებნებოდა.

ინფორმაცია ონიანის ექსტრადიციის შესახებ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ირინა ვოლკმა გაავრცელა. რუსი ჩინოვნიკის ინფორმაციით, ონიანი ესპანელ სამართალდამცავებს 23 ოქტომბერს, მოსკოვში შერემეტიევოს აეროპორტში გადასცეს.

ონიანს ინტერპოლის ხაზით რამდენიმე წლის განმავლობაში ესპანეთის მოთხოვნით ეძებდნენ. კრიმინალურ ავტორიტეტს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ძარცვა და ფულის გამოძალვა ედებოდა ბრალად. 

ექსტრადიციის პროცესი რამდენიმე წელზე გაიჭიმა. ამის მიზეზი ონიანის რუსეთის მოქალაქის პასპორტი იყო. მოგვიანებით რუსულმა მხარემ დაადგინა, რომ პასპორტი ონიანმა კანონდარღვევით მიიღო და კრიმინალურ ავტორიტეტს მოქალაქეობა ჩამოართვა.

ონიანს მოქალაქეობა ციხეში ყოფნისას, 2010 წელს ჩამოართვეს. ამ დროს ონიანი რუსეთის საპატიმრო შავ დელფინში 10 წლიან სასჯელს იხდიდა. ონიანი დამნაშავედ ცნეს ბიზნესმენის გატაცებაში და ფულის გამოძალვაში. 

2019 წელს ონიანის პატიმრობის ვადა ამოიწურა, თუმცა ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე, ონიანი საპატიმროს გამოსასვლელთან დააპატიმრეს. საერთაშორისო ძებნაში ონიანი 2006 წლიდან იმყოფებოდა. 

ტარიელ ონიანი, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნევა. იგი მოიაზრება, ასევე ე.წ. ქუთაისური დაჯგუფების ლიდერად.

ტარიელ ონიანი 1952 წლის 2 ივნისს ტყიბულში დაიბადა. პირველად ონიანი 17 წლის ასაკში ქურდობისა და ძარცვისთვის დააპატიმრეს. ონიანის კანონიერ ქურდად კურთხევა 1970-იანი წლების ბოლოს მოხდა. 

კომენტარები