ბანგლადეში

ბანგლადეშში 19 წლის გოგოს დაწვისთვის 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

0 კომენტარი
ფოტო: BBC

ბანგლადეშის სასამართლომ აპრილში 19 წლის ნუსრათ ჯაჰან რაფის ცოცხლად დაწვისთვის 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

რაფი ქალაქ ფენიში მას შემდეგ დაწვეს, რაც მან მასწავლებელი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

27 მარტს ნუსრათმა თქვა, რომ დირექტორმა კაბინეტში დაიბარა და არაერთხელ სცადა ეძალადა მასზე თუმცა გოგონამ გაქცევა მოახერხა. ამის შემდეგ ნუსრათი მშობლებთან ერთად პოლიციაში მივიდა დირექტორს უჩივლა. 

პოლიციელმა, რომელმაც ის გამოკითხა ვიდეო გადაიღო, რომელიც მოგვიანებით მედიით გავრცელდა. 

ვიდეოში ნურსათი სახეზე ხელს იფარებს, თუმცა ოფიცერი მას ეუბნება რომ "სერიოზული არაფერი მომხდარა" და სთხოვს ხელები ჩამოუშვას. 

სკოლის დირექტორი მალევე დააკავეს. თუმცა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციები დაიწყო სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ. აქციის მონაწილეები ნუსრათს ტყუილში ადანაშაულებდნენ. 

6 აპრილს ნუსრათი სკოლაში ფინალური გამოცდის ჩასაბარებლად ძმასთან ერთად მივიდა, რომელიც შენობაში არ შეუშვეს. 

ამის შემდეგ ნუსრათი სკოლის სახურავზე ბურქაში ჩაცმულმა ხუთმა პირმა აიყვანა და მოსთხოვეს საჩივარი გამოეტანა. უარის შემდეგ მათ ნუსრათს ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციის მიხედვით მათ სურდათ ნუსრათის სიკვდილი თვითმკვლელობად წარმოეჩინათ, თუმცა გოგო გადარჩა და საავადმყოფოში, გარდაცვალებამდე, ჩვენება მისცა და თავდამსხმელები დაასახელა. ნუსრათს სხეულის 80% ჰქონდა დამწვარი. ის 4 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

სიკვდილმისჯილებს შორის არის მასწავლებელი და რაფის ორი კლასელი.

ბანგლადეშში სექსუალური შევიწროება და ძალადობა ხშირი მოვლენაა. საქველმოქმედო ორგანიზაცია ActionAid-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით ბანგლადეშის სამკერვალო ინდუსტრიაში დასაქმებული ქალების 80%-ს სამსახურში სექსუალური ძალადობა გამოუცდია.

თუმცა, ქალების მხრიდან ჩივილის შემთხვევები იშვიათია, რადგან ამას საკუთარი თემის მხრიდან გაკიცხვა, ონლაინ ბულინგი და ზოგიერთ შემთხვევაში თავდასხმა მოჰყვება ხოლმე.

ნუსრათის მკვლელობას ბანგლადეშში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პრემიერმინისტრმა საჯაროდ დადო პირობა, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ. პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური შევიწროების თაობაზე ნუსრათის საჩივარზე არ უმოქმედია, მისი სიკვდილის შემდეგ 16 ადამიანი დააპატიმრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები