თამთა თოდაძის საქმე

ჯიშკარიანის ადვოკატი: გამოძიებაში ომბუდსმენის ჩართვით პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება

ტაბულა

სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ თუ სახალხო დამცველი გამოძიებაში ჩაერთვება და საქმის მასალებს გაეცნობა, პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება. 

კუბლაშვილი ამბობს, რომ თავადაც გეგმავდა ომბუდსმენისთვის მიემართა, რადგან მიაჩნია, რომ გამოძიება მიკერძოებულია. 

"მეც მაქვს პრეტენზიები გამოძიების პროცესთან და საერთოდ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. მიმაჩნია რომ მიკერძოებულია გამოძიება და ბრალის დადგენილება არის გამოტანილი უკანონოდ"- აღნიშნა კუბლაშვილმა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში არაერთი გახმაურებული საქმის შემთხვევაში პროკურატურამ გამონაკლისი დაუშვა და სახალხო დამცველს საქმის მასალები გააცნო, უწყებამ იგივე მოთხოვნაზე ილია ჯიშკარიანის საქმის შემთხვევაში ომბუდსმენს უარი უთხრა.

ჯიშკარინის საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საგამონაკლისო წესით სისხლის სამართლის საქმის გაცნობას ითხოვდა. 

"მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს წერილობით აცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველვყოფს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

განცხადების მიხედვით, უწყება მზადაა კანონის გათვალისწინებით განაგრძოს სახალხო დამცველის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა.

...............

ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა და თოდაძემ სამართალდამცველებს იმ დღესვე მიმართა. 

11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი. 

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. 

საავადმყოფო ილია ჯიშკარიანმა კვირას, 13 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დატოვა.

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს.

კომენტარები