ისრაელი

ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის შექმნის მანდატი ბენი განცს გადასცა

ბენი განცი და რუვენ რივლინი
Getty Images

ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მთავრობის შექმნის მანდატი ლურჯი და თეთრი პარტიის ლიდერს, ბენი განცს გადასცა.

რივლინმა ყველა მხარეს დათმობებისაკენ მოუწოდა.

"ყველას აქვს მოლოდინი, რომ ჩვენ პოლიტიკურ ქაოსს საბოლოოდ დავასრულებთ. მე ლიბერალური ერთობის მთავრობის ჩამოყალიბების პირობა დავდე და ამის შესრულებას ვაპირებ." თქვა განცმა ნომინაციის მიღებისას.

განცმა სამთავრობო კოალიცია 28 დღეში უნდა ჩამოაყალიბოს. თუ ის ამას ვერ შეძლებს, ისრაელში, შესაძლოა, განმეორებითი არჩევნები დაინიშნოს.

უკვე ცნობილია, რომ განცის და ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიის წარმომადგენლები მოლაპარაკებებისათვის კვირას შეხვდებიან. განცი მოლაპარაკებებს ასევე მემარჯვენე პარტიასთან "ისრაელი ჩვენი სახლია" გამართავს. მომდევნო კვირას მოლაპარაკებები გაიმართება მემარცხენე ლეიბორისტულ და დემოკრატიულ პარტიებთანაც.

შეგახსენებთ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ კოალიციის შექმნის თითქმის 4 კვირიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ამიტომ ის მანდატს პრეზიდენტს რუვენ რივლინს უბრუნებს.

ნეთანიაჰუს თქმით, ის შეუჩერებლად ცდილობდა კალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, მაგრამ ამაოდ.

ნეთანიაჰუმ მთავრობის ფორმირებისთვის ბენი განცის და მისი პარტიის კოალიციაში შემოყვანა ვერ შეძლო.

განმეორებითი არჩევნების ჩატარების შემდგომ, რომელშიც უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პარტიამ და პოლიტიკურმა ალიანსმა შეძლო, პრეზიდენტმა მხარი თავდაპირველად ერთობლივი მთავრობის შექმნას დაუჭირა და ნეთანაიჰუ და განცი მოლაპარაკებებზე მიიწვია. მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი იყო ვინ დაიკავებდა პირველი პრემიერმინისტრის პოსტს.

განცი გამორიცხავდა ნეთანიაჰუს პარტიასთან თანამშრომლობას და მიზეზად მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დაწყებულ გამოძიებას ასახელებდა.

ნეთანიაჰუ და განცი გარკვეულ მნიშნველოვან საკითხებზე თანხმდებოდნენ, როგორიცაა აშშ-სთან და ირანთან ურთიერთობა და პალესტინის კონფლიქტის საკითხი, თუმცა განცს მეტად ლიბერალური მთავრობა სურს, რომელშიც არ უნდა შევიდნენ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი რალიგიურ-ნაციონალისტური პარტიები.

განმეორებითი არჩევნები ნეთანიაჰუმ მას შემდეგ დანიშნა, რაც აპრილში სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ შეძლო. ლიკუდმა ქნესეთში 31 ადგილი მოიპოვა, განცის ლურჯი და თეთრის პარტიამ 33.

ამჟამად ნეთანიაჰუს ბლოკს პარლამენტში 55 ადგილი აქვს, ხოლო განცისას არაბული პარტიები მხარდაჭერით 54, თუმცა უმრავლესობისათვის 61 მხარდამჭერია საჭირო.

კომენტარები