თამთა თოდაძის საქმე

თალაკვაძე: ომბუდსმენს უფლებამოსილების შესრულებაში ბარიერი თუ ექმნება, შეუძლია მომმართოს

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

თუ რამე ბარიერი აქვს, შეუძლია პირადად მე დამიკავშირდეს - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ მისცა ომბუდსმენს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმის მასების გაცნობის უფლება.

თალაკვაძე ამბობს, რომ ნინო ლომჯარიას შეუძლია მიმართოს პარლამენტს და ასევე, საქმის მასალები მხარეებისგან გამოითხოვოს. 

"სახალხო დამცველი არის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი და ამაზე საუბარი მასთან ყოველთვის შეგვიძლია. ჯერჯერობით, ჩვენთვის სახალხო დამცველს ამასთან დაკავშირებით არ მოუმართავს. თქვენ თუ გადაამოწმეთ მხარეს, ადვოკატს აქვს თუ არა ეს მასალები? - არ გადაამოწმეთ. მე გეტყვით, რომ მაღალი ალბათობით, ეს მასალები აქვს ადვოკატს, ალბათ, გონივრული იქნებოდა, ადვოკატს გადაეცა ეს მასალები, რომელიც ხელთ აქვს"- ამბობს თალაკვაძე. 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში არაერთი გახმაურებული საქმის შემთხვევაში პროკურატურამ გამონაკლისი დაუშვა და სახალხო დამცველს საქმის მასალები გააცნო, უწყებამ იგივე მოთხოვნაზე ილია ჯიშკარიანის საქმის შემთხვევაში ომბუდსმენს უარი უთხრა.

ჯიშკარინის საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საგამონაკლისო წესით სისხლის სამართლის საქმის გაცნობას ითხოვდა. 

"მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს წერილობით აცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველვყოფს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

განცხადების მიხედვით, უწყება მზადაა კანონის გათვალისწინებით განაგრძოს სახალხო დამცველის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა.

...............

ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა და თოდაძემ სამართალდამცველებს იმ დღესვე მიმართა. 

11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი. 

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. 

საავადმყოფო ილია ჯიშკარიანმა კვირას, 13 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დატოვა.

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს.

კომენტარები