ჩილე

ჩილეში დაპირებული რეფორმების მიუხედავად, პროტესტი გრძელდება

REUTERS

ჩილეს პრეზიდენტის სებასტიან პინერას მიერ დაპირებული სოციალური რეფორმების მიუხედავად, ჩილეს სხვადასხვა ქალაქში პროტესტი უკვე მე-5 დღეა გრძელდება.

სანტიაგოში გუშინ, წინა დღეების მსგავსად, მომიტინგეთა და სპეცრაზმელებს შორის შეტაკება მოხდა - მომიტინგეებმა რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს, აქცია წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით დაშალეს.

სანტიაგოში ათასობით ადამიანი გაიფიცა. მათი თქმით, ისინი ქვეყანაში არსებულ უთანასწორობას აპროტესტებენ. მუშათა სხვადასხვა გაერთიანებები იმუქრებიან, რომ გაფიცვით მათი პროდუქციის წარმოება შემცირდება. 

პრეზიდენტი მოსახლეობას გარანტირებულ მინიმალურ ხელფასს, პენსიების ზრდას, ელექტროენერგიის ფასების დაწევას დაპირდა.

ჩილეში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ვენესუელას სოციალისტი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოეხმაურა და მიმდინარე მოვლენებს "ნეოლიბერალურ მოდელზე გამარჯვება" უწოდა. ვენესუელაში ეკონომიკური და სოციალური კოლაფსია.

მიმდინარე მოვლენებს პაპი ფრანცისკეც გამოეხმაურა. ის იმედოვნებს, რომ ძალადობრივი აქციები დიალოგით, გამოსავლის ძიებით დასრულდება.

გასულ დღეებში მომიტინგეთა და სპეცრაზმის შეტაკებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამჟამად დაკავებულია 6000-ზე მეტი ადამიანი. 170-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ქვეყანაში საპროტესტო აქციები მეტროზე ფასების ზრდას მოჰყვა და ზოგადად გაზრდილი ფასებისა და უთანასწორობის წინააღმდეგ აქციებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტობუსები, დააზიანეს მეტროს სადგურები, მოხდა შეტაკებები პოლიციასთან. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

კომენტარები