ბიძინა ივანიშვილი

ვოლსკი: არ უწყიან, რაოდენ მნიშვნელოვანია ეკოლოგიისათვის ივანიშვილის აღდგენილი ტყე-პარკები

მაგნოლიას გადატანა
აჭარის ტელევიზია

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ჯუნგლების გადარჩენის ფონდში 1.1 მლნ დოლარის გადარიცხვას ეხმაურება და ბერას ეკოლოგიური კამპანიის "ტყის ხალხის“ ელჩად არჩევას ულოცავს.

"სხვა რომ არაფერი, გაწეულ ხარჯს ესეც ამართლებს, მითუმეტეს, რომ ხარჯიც პირადია. თვალსაჩინოა პოზიტიური ტენდენციები, მსოფლიო მასშტაბის საომარი თუ ეკონომიკური დაპირისპირების პირობებში შენარჩუნებული სტაბილურობა, ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე, მაღალი რეიტინგები... ქართული ოცნების ლიდერს ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, საკმაოდ დიდი იმისათვის, რომ მისი ოჯახის წევრის ჩართულობა საერთაშორისო პროექტში პოლიტსექტანტების საღლიცინო არ გახდეს“, - ამბობს ვოლსკი.

ქართული ოცნების დეპუტატის შეფასებით, "რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ინვესტირება აქვს გაკეთებული, მისი შორეული შვილიშვილებიც ვერ ამოიღებენ მატერიალურ სარგებელს".

"აი, ეგ უკვირთ სწორედ და საზოგადოებაც უნდათ, რომ გააკვირვონ. ვეჭვობ, რომ ზოგი შესაძლოა მართლაც დააჯერეს, თითქოს გაპარტახებული აბასთუმანის აღდგენა ან ობსერვატორიის ტელესკოპი საკუთარი გართობისათვის სჭირდება, არც უწყიან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკოლოგიისათვის საქართველოში მის მიერ აღდგენილი თუ გაშენებული ტყე-პარკები, არა იმ მასშტაბით როგორც ამაზონის მასივი, მაგრამ ესოდენ საჭირო საერთო ეკოლოგიური სისტემისათვის. ათასობით პირად დახმარებებს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ გაუგებარია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალი, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტისათვის გაწეული ხარჯი, ასეულ მილიონობით ლარს ზოგავს ბიუჯეტისათვის" - კითხულობს ვოლსკი.

ბრაზილიური ორგანიზაცია ISA, რომელსაც ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გადაურიცხა, ქართველ მომღერალს "ტყის ხალხის კამპანიის" ელჩად ასახელებს. "ტყის ხალხის კამპანია" აპრილში დაიწყო და ემსახურება გარემოსა და ადგილობრივი ხალხების დაცვას.

ბერა ივანიშვილმა 22 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონ დოლარს რიცხავს, რაშიც შედის როგორც თავისი "მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები", ისევე მისი ოჯახის წვილილიც.

ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ქმედებას ორი დღეა, საჯაროდ იწონებდნენ მთავრობის წევრები, მათ შორის პრემიერმინისტრი, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წელია, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკებისთვის, ასწლოვანი ხეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადააქვთ. პარკამდე "მისასვლელად", არაერთმა ხემ ზღვითაც იმოგზაურა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, "სულ 120 ხეზე არის საუბარი და რაც დამრჩა კიდე შემოსატანი რამდენიმე, 140-მდე შეიძლება ავიდეს".

კომენტარები